მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერის მრჩეველი: "შევძელით ეკონომიკის როგორც სწრაფად დახურვა, ისე სწრაფადვე გახსნა"

5f9d5429d46e8
თამთა ჯიჯავაძე
02.11.20 22:00
1161
კარგი ეპიდემიოლოგიური მართვის პროცესში, შევძელით რომ როგორც სწრაფად დავხურეთ ეკონომიკა, ისე სწრაფად გაგვეხსნა, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ბექა ლილუაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

გახარიას მრჩეველი ამბობს, რომ როდესაც პანდემიის დასაწყისში მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი დაიწყო, მთავრობას ეკონომიკაზე ეფექტის თვალსაზრისით დრამატული მოლოდინები ჰქონდა.

"ეს მოლოდინები იმდენად დრამატული იყო, რომ გარდა იმისა რომ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ველაპარაკებოდით, გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ფართო ექსპერტულ ჯგუფებთანაც, ანუ საკმაოდ დრამატულად გვქონდა აღქმული ეს პროცესი. თუმცა, შემდეგ კარგი ეპიდემიოლოგიური მართვის პროცესში, შევძელით რომ როგორც სწრაფად დავხურეთ, ისე სწრაფად გაგვეხსნა [ეკონომიკა]“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ „გვჯერა, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა 2021 წლისთვის რეალისტური მაჩვენებელია”–ო. ხოლო იმაზე, თუ რა არის ამ მოლოდინების საფუძველი, ლილუაშვილმა შემდეგნაირი განმარტება გააკეთა:

„ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ საბიუჯეტო შემოსავლები სრულდება გადაჭარბებით და გვაქვს გარკვეული ფისკალური „ბალიში“ მომავალი წლის განმავლობაში. რატომ ხდება ასე, როცა ვიცით რომ 3.2 მლრდ ლარის დანაკლისი გვაქვს ტურიზმიდან?! ტურიზმის სექტორი მეტწილად, გარდა მსხვილი ტურისტული ლოკაციებისა, არის არაფორმალიზებული სექტორი. შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლებზე საერთაშორისო ტურიზმის სექტორის გაქრობა პირდაპირპროპორციულად არ აისახა, ეს აძლევს საფუძველს ფინანსთა მინისტრს, რომ თქვას ჩვენ გვექნება ის შემოსავლები მომდევნო წელს, რაც თქვენ თქვით [5%-იანი ზრდა]“.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, მომდევნო 2021 წელს კი 5%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები