პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ იმ ადამიანებს, ვინც პროდასავლურ პროტესტში არიან ჩართულნი, მათ შორის საჯარო მოხელეებს და პედაგოგებს, წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ. მან ამის შესახებ მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.
"აშკარად გამოიკვეთა ის, რაც თავის დროზე იკვეთებოდა PISA-ს ტესტებიდან, საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ მაგალითად კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის",- თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება არის პროტესტში ჩართული გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებმაც "ქართული ოცნების" განცხადება "სხვანაირად გაიგო".
მისივე თქმით, ამ პროცესში კარგია, რომ სისტემა იწმინდება და ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი.
"ერთი კიდევ რაც არის კარგი ამ პროცესებში, სისტემა იწმინდება სხვადასხვა კუთხით და თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად ეს სისტემა გადასული. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი",- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გაჩერებაზე "ქართული ოცნების" განცხადებას ასობით საჯარო მოხელე გაემიჯნა სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის საგარეო საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი.