ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადის განცხადებით, მიუღებელია "ქართული ოცნების" მუქარა სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრების შესახებ.
ამასთან, მან X-ზე დაწერა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე "ქართული ოცნების" მუქარა პატიმრობით მიუღებელი და შეუთავსებელია ევროპულ პერსპექტივასთან.
დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს.
საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს",- წერს ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელში.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგაც დარჩება პრეზიდენტად, ხოლო თუ რა გზით აპირებს ამას, ცნობილი 29 დეკემბერს გახდება.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კი სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციიდან შესაძლო ძალით გამოყვანაზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრობს, თუ ზურაბიშვილი "დანაშაულს ჩაიდენს".




























