მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპაში ვიზიტი პირადი სახსრებით დააფინანსა

სა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით მიმართა.

მან პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებაზე და მათ შორის მის მიერ ევროპაში განხორციელებულ ვიზიტებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა და მისი ვალდებულებაა ხალხის არჩევანის შესახებ ყველა საჭირო ადგილას გააჟღეროს. პრეზიდენტის თქმით, მისი ვიზიტებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროპაში ვიზიტი პირადი სახსრებით დააფინანსა.

"ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემს მიმართ ნდობა, მაგრამ რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა. როცა სხვადასხვა ლიდერს ვხვდები, მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი არის თქვენი არჩეული. ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, რომ ასე პატივისცემით მხვდებიან. მე ვარ ამაყი, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში.

მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავის სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ ორთვე-ნახევარში თუ სამ თვეში, მოვიარო მთავარი და შეიძლება, ყველა დედაქალაქი ევროპისა და მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ: "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიერ "კონსტიტუციის დარღვევით" არის განპირობებული, რაც მის მიერ უცხოეთში - გერმანიასა და ბელგიაში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება, რისთვისაც მას მთავრობამ ნებართვა არ მისცა. 
კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები