როდესაც იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე გამოვა, გაშიშვლდება ის კოორდინაცია, რაც ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის არსებობს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას, ხოლო ხელისუფლების ვალია საქართველოს კონსტიტუცია დაიცვას. როგორც კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიმართულებით ხალხის ნებას გამოხატავს და "ხელისუფლება და ხალხი, როგორც დემოკრატიული სისტემის ელემენტები, არის ერთი და იგივე".
"ეს იმპიჩმენტი სინამდვილეში ძალიან ურთულებს „ნაცმოძრაობას“ მდგომარეობას და ასევე სალომე ზურაბიშვილს და რატომ: როდესაც კენჭისყრაზე გამოვა ეს საკითხი, იქ ძალიან მარტივად გაშიშვლდება ის კოორდინაცია, რაც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. ამიტომ ეს არის ჩვენთვის წაუგებელი პროცესი და პირველ რიგში ეს ქვეყნისთვის არის წაუგებელი პროცესი, რადგან კონსტიტუციის დაცვა არის ის, რაც სჭირდება ქვეყნის მყარ, სტაბილურ განვითარებას.
ხელისუფლება გამოხატავს ხალხის ნებას, ხალხის პოზიციას და ამ შემთხვევაშიც ასეა. საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ამ მოსახლეობამ აირჩია „ქართული ოცნება“. ხელისუფლება და ხალხი, როგორც დემოკრატიული სისტემის ელემენტები, არის ერთი და იგივე. ამას ვინც არ აღიარებს, ის უბრალოდ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს. სრული ფარსია - „ხალხს მივეცი სტატუსი და არა ხელისუფლებას“. ხელისუფლება გამოხატავს ამ სახელმწიფოს პოზიციას.
თვითონაც ხედავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა არის გაზრდილი. ისევ უხეშად, 50/50-ზეა, მაგრამ აშკარად დადებითი ტენდენციაა. ამას ხედავენ და ახლა რაღაცნაირად ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში რაც შეიძლება ნაკლები ქულა დაიწეროს ხელისუფლებამ და სასოწარკვეთილი ქმედებები აქვთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე თქვა, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია პრეზიდენტს საგარეო ვიზიტების განხორციელება და აქაც სჭირდება მთავრობის თანხმობა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი კონსტიტუციაში 2010 წელს ჩაიწერა და 2013 წლიდან ამოქმედდა.