მთავარი თემა ამ კვირაში ალბათ მაინც მსოფლიოს ორი წამყვანი სახელმწიფოს და შესაბამისად, ეკონომიკების ლიდერების შეხვედრა იყო ჩინეთის დედაქალაქში. ვერ გეტყვით, ვის რა მოლოდინი ჰქონდა ამ შეხვედრიდან გამომდინარე, თუმცა შეხვედრა დამთავრდა იმით რითაც უნდა დასრულებულიყო. ანუ ბევრი არაფრით, არაფერი კონკრეტულით, თუმცა პოზიტივი ამ ყველაფერში მაინც ის არის, რომ ლიდერებმა ერთმანეთის პირისპირ გამოთქვეს და მოისმინეს აზრი მსოფლიოში დაგროვილ უამრავ პრობლემაზე. იყო საუბრები ტაივანზე, და ეს ცხადია ჩინეთის ერთგვარი პოლიტიკური ჩაჭერაც იყო. ცხადია, საუბრების მთავარი თემა გახლდათ ასევე ირანში და მთლიანად, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. თითქოს, აქაც თანხვედრაა შეხედულებებში და ჰორმუზის სრუტეს მართვაშიც კი. სიტყვა არ თქმულა ღიად უკრაინაზე ან რუსეთზე თუ არ გავიხსენებთ ტრამპის და ჩინეთის ლიდერის გასეირნებას სამასწლოვანი ხეების ბაღში, სახელად ჟონგნანჰაი, რომელიც საკმაოდ გასაიდუმლოებულ სივრცეს წარმოადგენს და მხოლოდ რჩეულთათვის იხსნება. პრეზიდენტს ტრამპს ჩინეთში ასევე ახლდნენ ამერიკის ბიზნეს ელიტის გამორჩეული ლიდერებიც, რომლებიც ასევე, პოზიტივის გარდა არაფერს საუბრობენ ამ ვიზიტის კვალობაზე. მოკლედ, რომ იტყვიან, აი ისეთი ვიზიტი იყო, არაფერი კონკრეტული შედეგის მომცემი. მეტიც, დიდად გლობალურმა ბიზნესმაც ვერ მიიღო რაიმე პოზიტივი ამ სამიტისგან - ნავთობის ფასი შემცირების მაგივრად გაიზარდა, ხოლო საფონდო ბირჟებმა რეკორდული ზრდის შემდეგ პირიქით, კლება აჩვენეს. სრული პარადაქსი არა? იქნებ კანონზომიერებაც არის? მაგრამ ბევრი რამის გარკვევაში რომ დაეხმარებათ როგორც ამერიკელებს ასევე ჩინელებსაც და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა როგორც იმოქმედებენ შეერთებული შტატები და ჩინეთი დონალდ ტრამპის და ქსი ძინ პინის შეხვედრის შემდეგ. ალბათ, ეს იქნება ყველაზე კარგი დეტექტორი ამ შეხვედრის შეფასებისთვის.


































