"დროა, იფიქროთ, რა მომავალს უტოვებთ თქვენ შვილებს“ - ასე მიმართა დღეს პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს, ელჩებს, პოლიციელებს და ჯარს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს და ოპოზიციას შეხვდა.
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისადმი პრეზიდენტის მიმართვას BMG უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა, მივმართო საჯარო მოხელეებს - დროა, გადაწყვეტილება მიიღოთ. დროა, იფიქროთ იმაზე, რა მომავალს უტოვებთ თქვენ შვილებს. დროა, იფიქროთ იმაზე, რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენ შვილებს. რას იფიქრებენ ისინი ხვალ და ზეგ, როცა თქვენი [უმოქმედობის] შედეგში იცხოვრებენ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთ ქვეყანაში [გადაწყვეტილების მიღება], მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია.
მინდა, მივმართო ელჩებს - ერთხელ უკვე მოგმართეთ. დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით? სად ხართ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ. თქვენ იქ ცხოვრება არ გიჭირთ - დანაზოგები და ყველაფერი გაქვთ. იფიქრეთ თქვენც - რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთი იქნება, თუ ხმა არ ამოვიღეთ.
მინდა, მივმართო ნამდვილ პოლიციას - იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს. თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობაა, მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები. ასე რომ, აიღეთ თქვენს ხელში, რაც არის თქვენი გადასაწყვეტი.
მინდა, მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის და ყველაზე მეტად გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომლისგანაც ძლივძლივობით გამოვედით, განვამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა.
მოგმართავთ ყველას, ვინც სახლში ხართ ან ვინც გარეთ ხართ გამოსული - არ დაკარგოთ იმედი. არავინ გაბედოს, ჩაგიკლათ იმედი. მხოლოდ არშეგუება, მხოლოდ არდანებება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის: მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს, პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს და ქართულ ოპოზიციას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას - ერთიანობისკენ, ხოლო პარტნიორი ქვეყნების ელჩებს მოქმედებისკენ მოუწოდა. „დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე იყო მისაღები და ხალხს დაეხმარონ... საზოგადოების მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა პრეზიდენტმა.