საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელებს სავარაუდოდ გააერთიანებს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია ორი სარჩელი. მოგეხსენებათ, ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით. ერთი სარჩელი, იცით, რომ უკვე დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე კანონით განსაზღვრულ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, მეორე სარჩელი იყო ფოსტით გამოგზავნილი, შემოვიდა გუშინ, საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს და ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში დაადგენს, ხარვეზი ხომ არ აქვს რამე ამ სარჩელს, შემდგომ კი ამ სარჩელსაც დაარეგისტრირებს.
რაც შეეხება გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. ჯერ რა თქმა უნდა, გაერთიანებული არ არის, იმდენად, რამდენადაც მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა. რეგისტრაციის მხრივ, პირველი სარჩელი სამი დღის ვადაში დარეგისტრირდა ყოველგვარი დარღვევის გარეშე. სამშაბათს შემოვიდა, უკვე გუშინ დარეგისტრირებული იყო“, – განაცხადა ტურავამ.
მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ სარჩელების დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს, რადგან საკითხი, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ისედაც დაჩქარებულია.
„რაც შეეხება ვადებს, დღეს ვიკრიბებით დღის მეორე ნახევარში და თუ როგორი იქნება ამ სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ამაზეც დღეს შევთანხმდებით.
მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე – ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს“, – განაცხადა ტურავამ.