შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ინაუგურაციის ცერემონიალი პარლამენტის სასახლეში ჩატარდება. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება უკვე მიღებულია.
"ჩვენ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, ვინაიდან ინაუგურაცია სხვადასხვა ადგილას ტარდებოდა ხოლმე და, როგორც წესი, ახლად არჩეული პრეზიდენტის გემოვნებაზე იყო დამოკიდებული, დავაზუსტეთ და მივყევით იმ ტრადიციებს, რომლებიც არის საპარლამენტო რესპუბლიკებში და ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში. ინაუგურაცია [საპრეზიდენტო] არჩევნების შემდეგ, მესამე კვირა დღეს ჩატარდება და იქნება მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი საზოგადოებისთვის", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, "ბატონის სასახლეში" გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს ჩაინიშნა. მომდევნო კვირის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარის, მოადგილეებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევასთან ერთად, დღის წესრიგში იქნება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ჩანიშვნაც. საქართველოს მე-6 პრეზიდენტს ცესკოს მიერ ჩამოყალიბებული, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.