პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8-10%-ით შემცირდა - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ პრემიერის საქმიანობის შეფასება თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში შედარებით დაბალია. რაც შეეხება პრეზიდენტის საქმიანობას მისი უარყოფითი შეფასება შედარებით დაბალი ოპოზიციის მხარდამჭერებშია. პარლამენტის საქმიანობას კი ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10%-იანი ზრდის მიუხედავად (41%-დან 51%-მდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61% ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე 5%-იანი ზრდაა. მეტიც, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.
“პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობას შორის მზარდი დისტანცია ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ნდობის აღსადგენად პოლიტიკოსებმა და არჩეული თანამდებობის პირებმა აქცენტი ხალხის საჭიროებებზე უნდა გააკეთონ და არა საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საგულისხმოა, რომ ახალი კვლევა პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზე მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რო მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სწყურიათ”, - განაცხადა NDI საქართველოს დირექტორმა ალან გილამმა.
ცნობისთვის: NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6%-ია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.