მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება

სალომე

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განხილვას ხვალ, 4 ოქტომბერს გააგრძელებს. პროცესში 11:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 12:00 საათიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრების, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძისა და სხვა, სულ 80 პირის, კონსტიტუციურ წარდგინებას სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე განიხილავს.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები