ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველს ვერ ხედავს, რადგან მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის პირველი დღის შეჯამებისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მსჯელობდნენ.
საქმე ის არის, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” 80-მა დეპუტატმა მიმართა. ყველაფერი იმით დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დედაქალაქებში - ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში ოფიციალური ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა, როცა „ოცნებისგან“ ნებართვა ვერ მიიღო. მმართველი ძალის მტკიცებით, ამით პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, “პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში“.
„კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადგენა არ შეიძლება ასეთი მარტივი, ფორმალური და ვიწრო განმარტებით. კონსტიტუცია უნდა განვმარტოთ მისი შინაარსიდან და პრინციპებიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ფაქტორის გათვალისწინება; მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ კონსტიტუციის დარღვევაზე და არა გარკვეულ ინტერპრეტაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყვეს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის, სახელმწიფოს მეთაურის გადაყენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ფაქტობრივად, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თითზე ჩამოსათვლელი პროცესები გვახსოვს და იმპიჩმენტის ფაქტის დადასტურების - ხომ საერთოდ.
დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან მყარ მტკიცებულებაზე დაფუძნებული არგუმენტი არ მომისმენია, რომ პრეზიდენტმა გააკეთა ისეთი რამ, რომელმაც თავისი არსით დაარღვია კონსტიტუციის იდეა, პრინციპები და შინაარსი“, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა.
თემაზე საუბრისას კოტე ჩოკორაიამ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ არ შეიძლება, საქართველოს კონსტიტუციის და მათ შორის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფორმალური განმარტება და ყურადღება უნდა მიექცეს შინაარსს და კონტექსტს.
"ეს რომ მარტივი და ცალსახა საკითხი არ არის, ამაზე სასამართლო სხდომაზეც იყო საუბარი. თავისთავად რას გულისხმობს „წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში“ - ის მოიცავს სატელეფონო საუბარს, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით პრეზიდენტის კომუნიკაციას უცხო ქვეყნის ლიდერებთან, საქართველოში მათ ვიზიტს, შეხვედრას, უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე დასწრებას და ა.შ... მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი შემთხვევით რომ შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, მიესალმოს, საკუთარი აზრი უთხრას და პრეზიდენტმაც უპასუხოს, ჯო ბაიდენი ნამდვილად არ დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციის ინტერპრეტაციას ან არ მოსთხოვს, მაჩვენეთ „წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე“ საქართველოს მთავრობის თანხმობა გაქვთ თუ არაო.
ამდენად, ვინაიდან შეუძლებელია, ყველა საკითხი იყოს გაწერილი, რას ნიშნავს „წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში“, შეიძლება, ზოგად პრინციპებზე ვისაუბროთ - ჩემი მოსაზრებით, კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერი, არის ერთგვარი დაცვა კონსტიტუციური სისტემის და თქმა იმისა, რომ ამ მუხლის მთავარი მიზანია, საქართველოს პრეზიდენტმა არ აწარმოოს მოლაპარაკებები ან ხელი არ მოაწეროს ისეთ ხელშეკრულებებს ან არ გააჟღეროს ისეთი საკითხები საგარეო ვიზირების დროს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის პოლიტიკურ პოზიციებთან.
ჩვენ დავინახეთ, რომ ევროპის დედაქალაქებში ევროპელ ლიდერებთან პრეზიდენტის შეხვედრის მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა იყო; ასევე, კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი - ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაწილი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში, კერძოდ, 78-ე მუხლშიც არის განსაზღვრული, რომელიც ამბობს, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ევროკავშირის წევრობა. ეს ყველაფერი კი, ერთობლიობაში ამბობს იმას, რომ პრეზიდენტის ქმედებაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია და კონსტიტუციის სისტემური გაანალიზების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლოა, არსებული პრაქტიკიდან გადახვევა ან კომპეტენციური დარღვევა იყო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“, - განმარტა კონსტიტუციონალისტმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას დაუდგენს, პარლამენტს შეუძლია იმპიჩმენტს კენჭი უყაროს, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც არ აქვს. შესაბამისად, მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.