მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, პოლონეთის პრემიერი EU-სგან €44 მილიარდის თავდაცვითი სესხის მიღებას გეგმავს

newrocki

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარასკევს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, მთავრობა ევროკავშირისგან 43.7 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვითი სესხის მიღებას მაინც უზრუნველყოფს.

"პოლონეთი შოკშია. ხალხს აინტერესებს, ეს ღალატია, ლობისტების ნამუშევარი თუ უბრალოდ საღი აზრის ნაკლებობა", - თქვა ტუსკმა.

პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვეტოს ადებს კანონპროექტს, რომელიც პოლონეთს ევროკავშირის ინიციატივაში - "უსაფრთხოების ქმედება ევროპისთვის" (SAFE) ჩართვის საშუალებას მისცემდა.

"არასდროს მოვაწერ ხელს კანონს, რომელიც დარტყმას აყენებს ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ეკონომიკურ და სამხედრო უსაფრთხოებას. ამ ეტაპზე ვაფრთხილებ ყველას, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალის უკანონო, შემოვლითი გზებით გაზრდის ნებისმიერ მცდელობას, ადრე თუ გვიან, მოჰყვება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა", - აღნიშნა ნავროცკიმ.

პოლონეთი ევროკავშირის 150 მილიარდ ევროიანი პროგრამის ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი უნდა გამხდარიყო. აღნიშნული პროგრამა ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერებას ისახავს მიზნად, იმ ფონზე, როდესაც აშშ კონტინენტის უსაფრთხოებაში თავის როლს ამცირებს.

ნავროცკი ამტკიცებს, რომ სესხი პოლონეთს ათწლეულების განმავლობაში მძიმე ტვირთად დააწვება.

"პოლიტიკოსებს, რომლებსაც ახლა SAFE-დან სესხის აღება სურთ, უნდა ახსოვდეთ - ეს ვალი ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მრავალი წლის განმავლობაში დაამძიმებს", - თქვა მან.

მისი მტკიცებით, საპროცენტო ხარჯებმა შესაძლოა 180 მილიარდ ზლოტის (42.1 მლრდ ევროს) მიაღწიოს.

"შესაბამისად, პოლონელებს მოუწევთ იმდენივე თანხის დაბრუნება, რამდენიც თავად სესხია, ამით კი დასავლური ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იხეირებენ", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ტუსკმა აღნიშნა, რომ ვეტო მთავრობას თავდაცვის ფონდებზე წვდომაში ხელს ვერ შეუშლის, თუმცა "ეს იქნება უფრო რთული, ზოგჯერ უფრო ნელი და დასჭირდება ბევრად მეტი ძალისხმევა ამ პროექტში ჩართული ყველა მხარის დასარწმუნებლად". მან პირობა დადო, რომ სამხედრო მოდერნიზაცია გაგრძელდება.

"პრეზიდენტის ვეტო ვერ შეგვაჩერებს, ჩვენ არ დავუშვებთ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას. პროგრამა "შეიარაღებული პოლონეთი" დაგვეხმარება სრული სუვერენიტეტის აშენებაში", - განაცხადა ტუსკმა.

ევროკომისიის პრესსპიკერმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, პოლონეთთან დაკავშირებული გეგმების განხორციელება "დაუყოვნებლივ" განაგრძოს. მისი თქმით, ავანსის გადარიცხვა შესაძლოა უკვე აპრილში მოხდეს.

ნავროცკიმ ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც თავდაცვითი ინვესტიციებისთვის ევროპული სესხების ნაცვლად, ეროვნული რესურსების გამოყენებას გულისხმობს. ტუსკმა ეს ვარიანტი არარეალისტურად შეაფასა. მთავრობამ წინადადება უარყო, როგორც კონკრეტულ ანალიზს მოკლებული ინიციატივა.

"SAFE არის პროექტი, რომელიც არა ბრიუსელში, არამედ ვარშავაში დაიწერა. ევროკომისიამ ეს წინადადება პოლონეთის მოთხოვნით და ჩვენი კარნახით მიიღო და არა პირიქით. პოლონეთის არმიის შტაბის მიერ წარდგენილი არცერთი წინადადება არ შეცვლილა. სწორედ პოლონელმა გენერლებმა დაწერეს არმიის მოდერნიზაციის წინადადება, რისთვისაც ჩვენ ფული მოვიძიეთ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

ოპოზიციური პარტიის, "კანონისა და სამართლიანობის" (PiS) პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა 2027 წლის ნოემბრის არჩევნებისთვის, პშემისლავ ჩარნეკმა, სეიმში განაცხადა, რომ "პოლონელები ამას არ გადაიხდიან, რადგან ეს უკანონო სესხია". მისი მტკიცებით, ამხელა სესხის ასაღებად პოლონეთმა უნდა გააფორმოს საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც სეიმიცა და პრეზიდენტიც დაამტკიცებენ.

პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ ტუსკის მთავრობის "გეგმა B" არის რეზოლუცია პროგრამა "შეიარაღებული პოლონეთის" შექმნის შესახებ, რაც მას თავდაცვის დაფინანსების არსებული მექანიზმების (მაგალითად, შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ფონდის) პირდაპირ გამოყენების საშუალებას მისცემს.

დავამ სეიმში გადაინაცვლა, სადაც დებატების დროს დეპუტატებს შორის მწვავე კამათი გაიმართა.

2022 წლის დასაწყისში მეზობელ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პოლონეთის მთავრობები თავდაცვის ხარჯებს სტაბილურად ზრდიან. თუმცა, მაშინ როცა ტუსკის ლიბერალური მთავრობა ევროკავშირთან კოორდინაციას ცდილობს, ნავროცკი ბლოკის მიმართ უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი და ვაშინგტონთან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს (აშშ-მაც ღიად გააკრიტიკა SAFE ინიციატივა).

ცნობისთვის, პოლონეთს ნატოს წევრ ქვეყნებს შორის უკვე აქვს თავდაცვის ხარჯების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მშპ-ის 4%-ს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები