მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პირველ კომენტარს აკეთებს

63f8bf5f9d28a
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.23 17:51
1172
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო. ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება.

პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში პირველი კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მეტი ნაბიჯი გადაიდგას სებ-ის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ. უშუალოდ ამ კანონპროექტზე კი გაგუა ამბობს, რომ მის შედეგად პირდაპირ სებ-ის დამოუკიდებლობის საკითხი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ის დროებით ცვლილებას წარმოადგენს.

“ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის სებ-ის წარმატების მთავარი გარანტი და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაძლიერებას და დახვეწას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით სებ-ს არაერთხელ აქვს გაცხადებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია წარმატებული საერთაშორისო მაგალითების შესწავლა და გადმოტანა. წარმატებული მაგალითებია უფრო მეტად კოლეგიალური ინსტიტუციონალიზაცია პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ზედამხედველობისა და მენეჯმენტის განცალკევება და აუცილებელი ცვლილებაა სებ-ის კანონში გასაკეთებელი რათა ის ინსტიტუციონალურად გავამყაროთ.

აღნიშნული ცვლილებით პირდაპირ ვერ ვიტყოდი, რომ სებ-ის დამოუკიდებლობის საკითხი დგას, ეს არის მცირე საკანონმდებლო ცვლილება. სებ-ის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის იყო დამოუკიდებელი.

ცვლილების ერთ-ერთი მიზანია, რომ დროებით ემატება ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, ოღონდ ეს ემატება დროებით. არსებობს რისკი, რომ დღეს არსებული ბალანსი სებ-ის საბჭოში აღმასრულებელსა და არა-აღმასრულებელ თანამდებობებს შორის შეიცვალოს.

იცით, რომ დღეს სებ-ის საბჭოში 5 არააღმასრულებელი პოზიციაა ვაკანტურების ჩათვლით. და ის უნდა იყოს აღმასრულებელზე მეტი.

რთულია დროებით გადაწყვეტილებაზე რადიკალური განცხადებების გაკეთება. ეს დროებითი გადაწყვეტილება იყო და იცით პროცესები როგორ განვითარდა.

ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომელიც გამოხატულია ჩვენს დასკვნაში,”- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

უფრო ვრცლად, კანონპროექტის და პრეზიდენტის ვეტოს შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები