საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებს ეხებოდა და ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში შედგა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარების პოტენციალს, ტურიზმის სექტორში ჩართული კერძო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, რადგან როგორც ცნობილია, Covid-19-ის პერიოდში განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტთან ასევე განიხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მიდგომები იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისათვის, ვისთვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ბიზნესმოგზაურების ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ბიზნესმენები და ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში შემოსვლასა და მოგზაურობას კონკრეტული პირობით შეძლებენ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტი შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, უკვე ეწვია საქართველოს რამდენიმე რეგიონს და საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდა.