მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა - არგუმენტი

საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?

ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ: 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილისგან ყოფილი პროკურორისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასტურის შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იქნებოდა.

სალომე ზურაბიშვილის წინასწარი განცხადებების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდებოდა. 19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს მიმართავდა და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასკვნის გადაგზავნა სთხოვა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები