პრეზიდენტმა, ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.
""საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ: 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილისგან ყოფილი პროკურორისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასტურის შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იქნებოდა.
სალომე ზურაბიშვილის წინასწარი განცხადებების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდებოდა. 19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს მიმართავდა და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასკვნის გადაგზავნა სთხოვა.
მიმართვის მიუხედავად, პრეზიდენტმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა და ეს ასე განმარტა: "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე".
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
პრეზიდენტმა საკითხზე განმარტება უკვე მეორედ გააკეთა.