მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებას უნდა გაეცეს პასუხი დეტალური გამოძიებით, ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა - პრეზიდენტი ფარცხალაძეზე

პრეზიდენტი

ბატონო კახა[კალაძე], ყველაზე დიდი უბედურება არა ევროპაში ჩემი ვიზიტები, არამედ  ის არის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი FSB-ს თუ KGB-ს აგენტი ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ის შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს, რომ გამოძიებამ უმოკლეს ვადებში დაადგინოს, თუ რა ხდება სინამდვილეში და გასცენ საზოგადოებას შესაბამისი პასუხები.

„თუ არ ვცდები ბატონმა კახამ[კალაძემ], ბრძანა, რომ ყველაზე დიდი უბედურება ევროპაში ჩემი ვიზიტებია, არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა FSB-ს თუ KGB-ს აგენტი.  უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი შესაბამის უწყებებში, რომლებიც ამას უნდა იძიებდნენ დღეს. პასუხისმგებლობა მათზეა და მე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას გაეცეს პასუხი დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა. უნდა დავამატო, რომ მოქალაქეობაზე იყო აქცენტები, ჩვენთან არ მოსულა არც არანაირი ინფორმაცია და მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ანუ, აქ ისრების გადატანა არ გამოვა. ნათელია, სად არის პასუხისმგებლობა.

ვიდრე მე ბაზელში წავიდოდი, აქ შევხვდი ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო, თუ რა მონაცემები არსებობდა მათი მხრიდან, მე მგონი კარგი იქნებოდა, იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, დროულად გაგვცენ პასუხები. პასუხები, მტკიცებულებები და მონაცემები არსებობს და არავინ სთხოვს ამერიკას, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ, მე მგონი, ყველაფერი ნათელია. აქ არის ყველაფერი გასაკეთებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ საერთოდ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს, ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელი არის ამაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძეს ორმაგი, რუსეთის და საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი დღეს აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები