მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პრეზიდენტობა სახიფათო პროფესიაა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა“ - ტრამპი

ტრამპზე თავდასხმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტმა ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა და მომხდარს ავადმყოფი ადამიანის ქმედება უწოდა.

ტრამპმა პრესკონფერენციაზე ხუმრობით აღნიშნა, რომ სცოდნოდა, პრეზიდენტობა ასეთი სახიფათო თუ იყო, „შეიძლება არც ეყარა კენჭი“. თუმცა, იქვე დასძინა: „პრეზიდენტობა სახიფათო პროფესიაა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა და ძალიან ვამაყობ“.

პრეზიდენტის განცხადებით, მას და მის გუნდს ინციდენტამდე რაიმე სახის მუქარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. მან დეტალურად აღწერა თავდასხმის მომენტი და საიდუმლო სამსახურის მუშაობა შეაფასა.

„რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა კაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს შეუტია და ის საიდუმლო სამსახურის რამდენიმე ძალიან მამაცმა წევრმა გაანეიტრალა, რომლებმაც ძალიან სწრაფად იმოქმედეს. კაცი დააკავეს. ვფიქრობ, კალიფორნიაში ცხოვრობს. ის ავადმყოფია, ძალიან ავადმყოფი.

ერთი ოფიცერი დაჭრეს, მაგრამ გადაარჩინა იმ ფაქტმა, რომ მას აშკარად ძალიან კარგი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა. მას ძალიან ახლო მანძილიდან ესროლეს ძალიან ძლიერი იარაღიდან და ჟილეტმა თავისი საქმე გააკეთა. ახლახან ვესაუბრე ოფიცერს და ის შესანიშნავად გრძნობს თავს, შესანიშნავ ფორმაშია. ვინ გააკეთებდა ამას, თუ არა ავადმყოფი? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ მის შესახებ ყველაფერს გაიგებთ. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ის მარტო მოქმედებდა და მეც ამას ვგრძნობ“.

დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა თეთრი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების გამოწვევებზეც.

„ჩვენ განვიხილეთ ყველა ის პირობა, რაც დღეს საღამოს მოხდა და ვიტყვი, რომ იცით, ეს არ არის განსაკუთრებით უსაფრთხო შენობა და არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს თეთრ სახლში ყველა ატრიბუტი. მათ ეს საბანკეტო დარბაზი 150 წლის განმავლობაში სურდათ მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ დღეს ცოტა განსხვავებულია, რადგან დღეს ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ისეთი დონე, როგორიც ალბათ აქამდე არავის უნახავს“.

პრესკონფერენციის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, გვერდზე გადადონ პოლიტიკური უთანხმოებები და გაერთიანდნენ.

შეგახსენებთ, 25 აპრილს ვაშინგტონში, „ჰილტონის“ სასტუმროში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილი იმართებოდა, სროლა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები