მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ოჯახი საამიროებში $500-მილიონიან სკანდალში გაეხვია

ტრამპი

დონალდ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2025 წლის იანვარში, არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის საინვესტიციო ფონდმა საიდუმლოდ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან ტრამპის ოჯახის მიერ დაფუძნებული კრიპტო-სტარტაპის თითქმის ნახევარი 500 მილიონ დოლარად შეიძინა.

გარიგება უკავშირდებოდა კომპანია World Liberty Financial-ის 49%-იან წილს, რომელიც შეიხ ტაჰნუნ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა შეიძინა. შეიხი საამიროების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და ქვეყნის პრეზიდენტის ძმაა. ის აკონტროლებს 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივების მქონე სუვერენულ ფონდებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს.

The Wall Street Journal-ის გამოძიების თანახმად, ეს ინვესტიცია განსაკუთრებით საეჭვოა იმის გამო, რომ WLF-ს გარიგების მომენტში არანაირი პროდუქტი და სერვისი არ გააჩნდა და ის მხოლოდ ფურცელზე არსებობდა, თუმცა საამიროების მხარემ თანხის ნაწილი, დაახლოებით 187 მილიონი დოლარი, პირდაპირ ტრამპის ოჯახს გადაურიცხა.

საგულისხმოა, რომ ამ ფინანსურ ოპერაციას მალევე მოჰყვა თეთრი სახლის მხრიდან საამიროებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების გაფორმება. კერძოდ, ადმინისტრაციამ ნება დართო UAE-ს, შეესყიდა ასობით ათასი უახლესი თაობის ამერიკული AI-ჩიპი, რასაც აქამდე მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ბლოკავდა. გარდა ამისა, 2025 წლის მაისში შეიხ ტაჰნუნის კიდევ ერთმა კომპანიამ, MGX-მა 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კრიპტობირჟა Binance-ში, თანხის გადასახდელად კი მან World Liberty-ს მიერ გამოშვებული სტეიბლკოინი გამოიყენა, რითაც ტრამპის კომპანიას დამატებითი შემოსავალი მოუტანა, რადგან საკომისიო სწორედ WLF-მა მიიღო.

WSJ-ის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა ოფიციალურად დაიწყო მოკვლევა საამიროების მიერ განხორციელებულ 500-მილიონიან ინვესტიცისთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს, იყო თუ არა ეს პირდაპირი ქრთამი ამერიკულ AI-ტექნოლოგიაზე წვდომის სანაცვლოდ და მიიღო თუ არა ტრამპის ადმინისტრაციამ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება პრეზიდენტის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები