მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მიხეილ ხიდურელი

primark

საქართველოში ტანსაცმლის საერთაშორისო საცალო ქსელის Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია Alshaya Group, რომელიც საქართველოში „სტარბაქსის“ ოპერირებას უზრუნველყოფს, 70-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობა მხოლოდ „სტარბაქსით“ არ შემოიფარგლება.

„კომპანიას [Alshaya Group-ს] „სტარბაქსთან“ ერთად აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა, მაგალითად, H&M, Victoria's Secret და ბევრი სხვა. შესაბამისად, ჩვენ „სტარბაქსით“ არ შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიცაა, მაგალითად, Primark,“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ხიდურელს დამატებითი დეტალები, მათ შორის, მოლაპარაკებების ეტაპისა და Primark-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლის ვადების შესახებ, არ დაუსახელებია.

Alshaya Group-ი მსოფლიოს 16 ქვეყანაში 70 ბრენდის 4,000-ზე მეტ ლოკაციას ფლობს და 40,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ის წლიურად 10 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი მოჰამედ აბდულაზიზ ალშაია.

საქართველოში Alshaya Group-ი შვილობილ კომპანიას 2018 წლიდან ფლობს და მას "ალშაია საქართველო" ეწოდება. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ქუვეითის მოქალაქე საოუდ ალშაია იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები