მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწორედ ახლა იყო საქართველოში შემოსვლის დრო“ - Starbucks-ის პირველი კაფე ოფიციალურად გაიხსნა

სტარბაქსი

საერთაშორისო ყავის ქსელმა Starbucks-მა საქართველოში პირველი ფილიალი ოფიციალურად გახსნა. Alshire Group-ის CEO ჯონ ჰადენი ამბობს, რომ ბრენდი ქართულ ბაზარზე შემოსვლას მრავალი წლის განმავლობაში განიხილავდა, თუმცა გადაწყვეტილება ახლა მიიღო, რადგან მიიჩნევს, რომ ამისთვის შესაბამისი დრო დადგა.

თბილისში, Axis Towers-ში, Starbucks-ის პირველი ფილიალი სატესტო რეჟიმში 3 ივლისს გაიხსნა.

მისივე თქმით, კომპანიამ საქართველოში ყავის კულტურის განვითარება, მომხმარებელთა ინტერესი და ბრენდის მიმართ დადებითი დამოკიდებულება დაინახა.

„დღეს საქართველოში, თბილისში, პირველ მაღაზიას ვხსნით. ეს ძალიან ლამაზი სივრცეა და მათ, ვისაც ჯერ არ უნახავს, ვურჩევ, დაათვალიერონ. მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ. ამ ბაზარზე შემოსვლას მრავალი წლის განმავლობაში განვიხილავდით, ვხედავდით არაერთ შესაძლებლობას, თუმცა ვიგრძენით, რომ სწორედ ახლა იყო ამისთვის შესაფერისი დრო. აქ არის ყავის მომხმარებელი, ჩვენი ბრენდის მიმართ სიყვარული. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ახლა იყო საქართველოში შემოსვლის დრო“, – განაცხადა ჰადენიმ.

მისივე ინფორმაციით, Starbucks-ი გაფართოებას უკვე გეგმავს და პირველ ეტაპზე ახალი ობიექტები თბილისში გაიხსნება.

„პირველ ეტაპზე საქმიანობას თბილისში დავიწყებთ. მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში აქ კიდევ რამდენიმე ობიექტს გავხსნით, შემდეგ კი იმედი გვაქვს, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავალთ. თუმცა, ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი სწორედ დღევანდელ დღეზე და ამ კონკრეტულ მაღაზიაზეა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ საქართველოში ვართ“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, საქართველოში კომპანიის ოპერატორი ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის რეგიონში Starbucks-ის ფრენჩიზის მფლობელს, ქუვეითურ კონგლომერატ Alshaya group-ია, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მის ოპერირებაზე თურქეთის ოფისი იქნება პასუხისმგებელი. თავად თურქეთში Alshaya Group-ი Starbucks-ის 685 ობიექტს მართავს.

თავად Alshaya Group-ი ქუვეითის ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიბრენდული ჰოლდინგია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და თურქეთის ბაზრებზე ფლობს ისეთი ბრენდების ფრენშიზულ ლიცენზიებს, როგორიცაა Chipotle, Starbucks, H&M, New Balance, MAC, Body Shop, American Eagle-ს და სხვა ბრენდებს. ასევე სასტუმროების ქსელ Hampton-ს.

Alshaya Group-ი მსოფლიოს 16 ქვეყანაში 70 ბრენდის 4,000-ზე მეტ ლოკაციას ფლობს და 40,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ის წლიურად 10 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი მოჰამედ აბდულაზიზ ალშაია.

საქართველოში Alshaya Group-ი შვილობილ კომპანიას 2018 წლიდან ფლობს და მას "ალშაია საქართველო" ეწოდება. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ქუვეითის მოქალაქე საოუდ ალშაია იკავებს.

ინფორმაციისთვის, Starbucks ამერიკული კომპანია, რომლის სათავო ოფისი — სიეტლში, აშშ მდებარეობს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. პირველი Starbucks 1971 წლის 30 მარტს სწორედ ქალაქ სიეტლში გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები