მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრიორიტეტი სანედლეულო ბაზის განვითარება უნდა იყოს - კახა კონიაშვილი აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაზე

ძროხა

აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამაში ცვლილებები სწორ მიმართულებას ასახავს, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი სანედლეულო ბაზის გაძლიერებასა და პროცესების მკაცრ მონიტორინგზე უნდა გაკეთდეს - ამის შესახებ BMG-სთან „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კონიაშვილი აცხადებს.

მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ ახალი პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე მონიტორინგის სისტემის დანერგვაა, რადგან, როგორც კონიაშვილი აცხადებს, წინა წლებში განხორციელებული პროექტების ნაწილმა შედეგი სწორედ იმიტომ ვერ გამოიღო, რომ პროცესის სრულყოფილი კონტროლი და წინასწარი ანალიზი არ ტარდებოდა.

„მონიტორინგის სისტემა და თვალყურის დევნება პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია. წინა წლებში საკმაოდ დიდი ხარჯები იქნა გაწეული სხვადასხვა პროექტებზე, მაგრამ რიგ შემთხვევებში ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მონიტორინგის სისტემა არ არსებობდა. შეიძლება დაფინანსებულიყო საწარმო, რომელიც შემდგომ არაეფექტიანი ხარჯვის ან არასწორად განსაზღვრული წინაპირობების გამო კოტრდებოდა“, - აცხადებს კონიაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, ახალი ქარხნების მშენებლობა აზრს კარგავს, თუ მათ ადგილობრივი ნედლეულით მომარაგების რესურსი არ ექნებათ.

„ჩვენი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ფერმების განვითარება უნდა იყოს. პრიორიტეტი უნდა იყოს სანედლეულო ბაზის განვითარება და არა მხოლოდ მერძეული ფერმის, არამედ საკვებწარმოებისაც. ჩვენ დღეს საკვები პროდუქციის იმპორტიც გვიწევს. საწარმოო ბაზა აღმოსავლეთ საქართველოში საკმაოდ განვითარებულია, თუმცა ფერმერული მეურნეობები ყველგან გასავითარებელია“, - აღნიშნავს კონიაშვილი.

მისივე თქმით, არსებობს პრეცედენტები, როდესაც საწარმო აშენდა, თუმცა ნედლეულის არარსებობის გამო ვერ ამუშავდა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მონიტორინგი დაეხმარება სამინისტროს, დააფინანსოს მხოლოდ ის ბიზნესები, რომლებსაც განვითარების რეალური პერსპექტივა აქვთ.

ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარე დადებითად აფასებს დაფინანსების მექანიზმის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ბენეფიციარი ჯერ პროექტების მართვის სააგენტოს მიმართავს და მხოლოდ პროექტის დამტკიცების შემდეგ იწყებს კომუნიკაციას ბანკთან. კონიაშვილის აზრით, ეს ბანკისთვის დამატებითი გარანტიაა, რაც სესხის აღების პროცესს გაამარტივებს.

„ასევე, გაიზარდა თანხის ოდენობა, რომელიც შეიძლება მიიღოს ბენეფიციარმა - ეს არის დაახლოებით 2 მილიონი ლარი. რაც მეტია დაფინანსება, მით უკეთესია დარგისთვის.“

კონიაშვილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს - ფერმერებისა და მეურნეობების ერთიანი ბაზის შექმნაზეც საუბრობს. მისი თქმით, დღეს სექტორში ინფორმაციული ვაკუუმია, რაც მწარმოებელსა და ფერმერს შორის კავშირს ართულებს.

„დღეს ფერმერმა არ იცის, ვინ არის მწარმოებელი და მწარმოებელმა - ვინ არის ფერმერი. ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე. მე რომ ვიყო რძის პროდუქტების მწარმოებელი და მინდოდეს დასავლეთ საქართველოში ნედლეულის შეძენა, არ ვიცი, ვის დავუკავშირდე. ეს ბაზა თუ შეიქმნება, სექტორისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებa", - ამბობს კონიაშვილი BMG-სთან.

"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალ მოდელს, რომლითაც სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1-ელი ივლისიდან ნერგავს. ახალი მოდელით, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ - ბენეფიციარი წარადგენს განაცხადს და ბიზნესგეგმას, სააგენტო აფასებს, პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება - პროექტი იმსახურებს თუ არა სახელმწიფო მხარდაჭერას. ამის შემდეგ კი პროცესში კომერციული ბანკი ერთვება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, ბანკი აფასებს ფინანსურ რისკს, ხოლო სახელმწიფო, პროექტის ეკონომიკურ და სექტორულ მნიშვნელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები