ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია სახელმწიფო მართვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა, როგორც წინა, ისე დღეს არსებული ხელისუფლების მართვის სისტემის ერთ-ერთი დიდი ნაკლი არის ის, რომ მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესები პრივილეგიებით სარგებლობენ.
„პრივილეგიების მიცემა მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესებისთვის არის ჩვენი მართვის სისტემის ერთ-ერთი დიდი ნაკლი და ჩავარდნა. ეს იწვევს არამარტო სახელმწიფო რესურსის არასწორად გამოყენებას, ასევე იწვევს მთელი სახელმწიფო მანქანის და სისტემის დემოტივაციას. როდესაც სახელმწიფო მოხელე, რომლისგანაც ველოდებით, რომ ის უნდა იყოს მომართული ქვეყნისთვის და ხალხისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, ხედავს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება მის უწყებაში პრივილეგიების მიცემით დაახლოებულ პირებთან, ვისაც შეიძლება არ ეკუთვნოდეს, იმ თანამშრომელშიც ჩნდება ნიჰილიზმი და დემოტივაცია და ჩვენ ვიღებთ, რომ დღეს სახელმწიფო მანქანა არის ინერტული. იქ არც კვალიფიციური პირი მიდის სამუშაოდ, რადგან ინეტერსი არ აქვს და არც მოტივაცია აქვს მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ხედავს, რომ არის მიკერძოებული გარიგებები და ვერ ხედავს რა გავლენა უნდა მოახდინოს სისტემაზე.
ეს პრობლემა ჩვენს მართვის სიტემაში გვაქვს წლებია, ეს პრობლემა იყო წინა მთავრობის დროსაც საკამოდ მძიმედ, ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა ამ მთავრობის პირობებში არის უფრო მძიმე, ვიდრე წინას პირობებში. შეიძლება ნაკლებად მძიმეც კია დღეს, მაგრამ მაინც არსებობს და არის დამაბრკოლებელი ფაქტორი“-აცხადებს გიორგი ქობულია.




























