უკრაინაში ომის დაწყების ოთხი წლისთავზე დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე ფართო პაკეტი დაამტკიცა, მათ შორის მოხვდა ორი ქართული ტელევიზია "იმედი" და პოსტვი. მათ გაერთიანებულმა სამეფომ ფინანსური სანქციები დაუწესა დეზინფორმაციის გავრცელების საფუძვლით, რისი მიზანიც დესტაბილიზაცია იყო.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სანქციები გულისხმობს: აქტივების გაყინვას, სანქციებს ტრასტის სერვისებისთვის და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციას.
იურისტი თამთა მურადაშვილი განმარტავს, რომ ბრიტანეთის სანქციების პირობებში კომერციულმა ბანკებმა ამ ორი ტელევიზიის მომსახურება უნდა შეწყვიტონ, ასევე იქნება პრობლემები ცალკეული რეკლამების განთავსების თვალსაზრისითაც.
„მთავარი ის არის, რომ „იმედი“ და „პოსტ ტვ“ დასანქცირებულები არიან რუსეთის ქვეთავში, კერძოდ, რუსეთის დეზინფორმაციის ნაწილში. ჩემი აზრით, ბრიტანეთის მხრიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. ეს ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამ მედიებს არ აღიქვამს უბრალოდ კერძო ტელეკომპანიებად, რომლებსაც შეიძლება მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდეთ; არამედ, მათ აღიქვამს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურ ინსტრუმენტად, არამედ საერთაშორისო დონეზე რუსეთის მძლავრ იარაღად.
ამ სანქციებით ბრიტანელ აქტორებს პირდაპირ ეკრძალებათ ამ ორ კომპანიასთან ნებისმიერი ფინანსური ურთიერთობა. ეს შეიძლება ეხებოდეს მფლობელობას, საბოლოო ბენეფიციარობას თუ სხვა სახის ფინანსურ ტრანზაქციებს. ეს ყველაფერი მათთან მიმართებით აკრძალული იქნება", - ამბობს მურადაშვილი და დასძენს, რომ სანქციების აღსრულება განსაკუთრებით საყურადღებოა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ბანკებისთვის.
"ასევე [შეეხებათ] საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ნებისმიერ საერთაშორისო ტრანზაქციაში არიან ჩართულები, თუნდაც სერიალების შესყიდვისას. რაც შეეხება სარეკლამო დამკვეთებს, რადგან ისინი ლოკალური აქტორები არიან, პირდაპირი აკრძალვა შეიძლება არ ჰქონდეთ, მაგრამ სარეკლამო თანხების გადარიცხვა ხდება საბანკო ტრანზაქციით. პირველ რიგში კი, ბანკი იქნება შუაში და მას მოუწევს ამ შეზღუდვების გათვალისწინება. ამიტომ, საბანკო გადარიცხვები მათთვის პრობლემა იქნება. თუმცა, ნაღდი ანგარიშსწორებაც თეორიულად პრობლემურია, იმიტომ რომ დასანქცირებულ კომპანიასთან ზოგადად საქმის დაჭერა უკვე პრობლემად აღიქმება.
ვიმეორებ, ამ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ეს კომპანიები აღიქმებიან როგორც რუსეთის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მიზნების შემსრულებლები ან დამხმარეები – ეგრეთ წოდებული „ენეიბლერები“. აქედან გამომდინარე, ამ ქართული კომპანიების მხრიდან ამ ორ მედიასთან კავშირის გაბმა და ბიზნესის წარმოება, უკვე აღქმული იქნება პრობლემად", - ამბობს მურადაშვილი.




























