კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორის რევაზ გეთიაშვილის აზრით, საქართველოში პრობლემებზე თვალების დახუჭვას უნდა დაესვას წერტილი. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
"არსებობს შესაძლებლობები, რომელსაც სწორედ პრობლემებზე თვალების დახუჭვა გვაკარგვინებს, მაგრამ თუ მათ თვალს გავუსწორებთ და მოვაგვარებთ, ისევ ჩვენ - მოქალაქეები და სახელმწიფო მიიღებს სარგებელს“, - თქვა მან.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?
- განვითარება იწყება პრობლემების აღიარებით. ჩვენ განვითარებული ქვეყნებისგან განვსხვავდებით არა იმით, რომ იქ პრობლემები არ არის, არამედ გვიჭირს ამ პრობლემების აღიარება, სათანადდოდ შეფასება და სისტემურად აღმოფხვრა. ჩვენ უნდა დავინახოთ ყველა პრობლემა და არა - თვალი დავხუჭოთ.
- საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა რა არის - მაგალითად, გარემოსდაცვითი მიმართულებით?
- ბევრი პრობლემაა, მაგრამ კლიმატის ცვლილება კარგად უნდა გავიაზროთ. საქართველო კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან მგრძნობიარე იქნება და არის უკვე... მაგალითად, ისტორიულად არასდროს დაფიქსირებულა ის, რაც კახეთში ბოლო რამდენიმე წელია სისტემატურად ხდება - მდინარე ალაზნის ყველა კალაპოტი შრება; ეს არ არის ცალსახად კლიმატის ცვლილების ბრალი, ეს სწორედ ტყეების დეგრადაციის ბრალია - ალაზანიც კი დაშრა. ჩვენ უკვე ამ კატაკლიზმების წინაშე ვდგავართ და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.