მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროცესები დამშვიდდა... რამდენიმე დღეში ლარი შეიძლება კიდევ გამყარდეს - ეკონომიკის მინისტრი

622cf5aa03e4e
BM.GE
12.03.22 23:23
1287
"რამდენიმე დღის განმავლობაში ლარი შეიძლება კიდევ გამყარდეს",-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა. მინისტრი ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებას პანიკური და მოლოდინების ეფექტით ხსნის და ამბობს, რომ დღეს ეკონომიკური პარამეტრები ისეთივეა, როგორც რუსეთ-უკრაინის ომამდე, როცა ლარი მყარდებოდა.

"ჩვენ დარწმუნებით და დამაჯერებლად ვსაუბრობდით მოსახლეობასთან, რომ არ აყოლილიყვნენ პანიკას, რადგან ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ, ეკონომიკური პროცესები არის მსხვერპლი პოლიტიკური პროცესების, მათ შორის შიგნით, ეკონომიკური პროცესები ზიანდება პოლიტიკური ისტერიით, ხშირ შემთხვევაში არაობიექტური მოვლენებით და სპეკულაციებით. მათ შორის ლარის კურსთან დაკავაშირებით ზუსტად ამასთან გვქონდა საქმე. წინა დღეების განმავლობაში ეკონომიკური გუნდი მკაფიოდ ვსაუბრობდით, რომ არ არსებობდა წინაპირობები ლარის ასეთი გაუფასურების.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პანიკა გადაივლიდა, ლარი დასტაბილურდებოდა და ასეც მოხდა. დღეს თავსუფალი სავაჭრო კურსი გვაქვს და ლარმა დაიწყო წონასწორობის წერტილის მონახვა",-აცხადებს დავითაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამყარდება თუ არა ისევ ლარი, მინისტრი ასე პასუხობს:

"ჩვენ ვფიქრობთ, დღეს ეკონომიკური პარამეტრები ისეთივეა, როგორიც მაშინ, როცა ომი იწყებოდა. ომის წინ ვიცით, როგორი გამყარებული იყო ლარი. ამ მომენტისთვისაც ობიექტურად კურსი უნდა იყოს იმავე წონასწორობის მიდამოში, რაც ომამდე. ეს ყველაფერი იყო პანიკური ეფექტი და მოლოდინების ეფექტი.

მაღალ დონეზე კოორდინაციით, რადგან გვქონდა კომუნიკაცია ყველა აქტორთან, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მოსახლეობამ დაინახა, რომ წინაპირობა არ იყო გაუფასურების. პროცესები დამშვიდდა და ველოდებით იგივეს...

ლარმა დაიწყო გამყარება და საბოლოდ დასტაბილურდა. რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება კიდევ გამყარდეს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები