საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფრესკო ვესტ ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელს სავაჭრო ობიექტში კონკრეტული ფასი მიეწოდა პროდუქტის აწონვის მომენტში, ხოლო სალაროსთან ანგარიშსწორების დროს მან განსხვავებული, უფრო მაღალი ღირებულება გადაიხადა, იმ მიზეზით, რომ ფასდაკლების პერიოდი უკვე დასრულებული იყო.
სააგენტოს განმარტებით, მოვაჭრის მიერ სალაროსთან ანგარიშსწორების დროს ფასის შეცვლა შეფასდა, როგორც შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რომელიც არღვევს სამომხმარებლო სამართლის ფუნდამენტურ - ინფორმირებული თანხმობის, გონივრული მოლოდინის და კეთილსინდისიერების პრინციპებს.
"ამასთან, რაოდენობრივად ბევრი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ ახერხებს თითოეული საქონლის ფასდაკლების ვადის დამოუკიდებლად გადამოწმებას. ასეთი ვითარება კი მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რომ მომხმარებელმა ვერ შენიშნოს ფასდაკლების დასრულება და ვერ გააცნობიეროს, რომ კალათში მოთავსებული საქონლის ფასი აღარ შეესაბამება დახლზე მითითებულ ღირებულებას.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს", - ნათქვამია კონკურეციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოში.
„ფრესკო ვესტ ჯორჯია“ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და კანონით დადგენილი წესით ასაჩივრებს მას.
"კომპანიის პოზიციით, განხილულ შემთხვევაში არ არსებობდა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის განზრახვა, ხოლო ფასის სხვაობა განპირობებული იყო ფასდაკლების პერიოდის დასრულებით. ასევე, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საჩივრის ავტორი მომხმარებელი ამჟამად დაკავებულია არა ერთი თაღლითური ქმედების გამო", - ნათქვამია „ფრესკო ვესტ ჯორჯიას“ საპასუხო განცხადებაში.
მასალა განახლებულია 13:35 საათზე




























