მიმდინარე წელს, საქართველოში ახალი ტექნოლოგიური სტარტაპი - Retain-ი გამოჩნდა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს და მათ მომხმარებლებს პროცესების გაციფრულებაში ეხმარება და სთავაზობს პლატფორმას, რომლის მეშვეობით უკუკავშირის დატოვება, სულ რაღაც ათ წამში, დისტანციურად შეიძლება. Retain-ის ნოუჰაუ QR-კოდების გამოყენებას გულისხმობს, რომელთა დასკანერების შემდეგ, მომხმარებლებს უკუკავშირის დატოვება შეუძლიათ, რომელიც პირდაპირ კომპანიის მენეჯმენტთან მიდის. კომპანიებს კი, ეს ტექნოლოგია უკუკავშირის ერთ პლატფორმაზე მიღების საშუალებას აძლევს, რაც ბიზნესგადაწყვეტილებებს მეტად ეფექტიანს ხდის.
Retain-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ლევან ჯაბუამ "საქმიანი დილაში" სტარტაპის იდეასა და მისი მუშაობის მექანიზმზე ისაუბრა:
„ბიზნესისთვის ყველაზე კარგი განვითარების გზა მომხმარებლის ხმის გაგონებაა. საით წავიდეს, როგორ განვითარდეს, მაგაზე უკეთესად ვერსაიდან გაიგებს. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება ჩვენი კომპანიაც, ჩვენი სტარტაპიც, რომ სადაც არ უნდა იყოს მომხმარებელი, უმოკლესი გზით ვაკავშირებთ კომპანიის სათავო ოფისთან. ჩვენ გვქონდა ასეთი გამოცდილება - ერთ-ერთ კომპანიაში ვიყავით მისული, ცუდი გამოცდილება მივიღეთ და მაგ მომენტში დავფიქრდით, რომ აქ ხომ არ არის პრობლემა, რაც უნდა გადავჭრათ?
ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო, გვეპოვა მარტივი გზა, თუ როგორ დაგვეკავშირებინა მომხმარებელი კომპანიის სათავო ოფისს, ისე, რომ არც არაფრის გადმოწერა დაჭირვებოდა, არც რეგისტრაცია და ა.შ. ჩვენი ამოცანა იყო, ყველანაირი უკუკავშირი გადაგვეტანა ერთ სივრცეში, რომელსაც მხოლოდ კომპანია ხედავს. ეს ინფორმაცია ერთ ანგარიშში აქვს ყველაფერი, გვაქვს ასევე თულები, რომ გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია, შეადგინოს სტატისტიკა და ა.შ. რაც მთავარია, კომპანიამ ზუსტად იცის, საიდან იგზავნება ეს ინფორმაცია. იცის, რომ მომხმარებელმა მესიჯი მოწერა ბათუმის ფილიალის მესამე მაგიდიდან. QR-კოდი დატანილი გვაქვს ზოგიერთ ღვინოზე, და დასკანერების შემდეგ ინფორმაცია პირდაპირ მიდის მეღვინესთან. ეს შესაძლებელია არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან. ანუ ადამიანი, რომელიც კანადაში სვამს ღვინოს, 10 წამში მეღვინეს თავის მოსაზრებას აცნობს, უსვამს კითხვას და ა.შ.“, - განაცხადა ლევან ჯაბუამ.
სტარტაპის დამფუძნებლები მთავარ მისიად მომხმარებლის სერვისის, კულტურის ამაღლებას მიიჩნევენ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად კი მეღვინეობას ასახელებენ.
„ბაზარზე მაისიდან ვართ და ჩვენს QR-კოდებს უკვე 2000-ზე მეტ კომპანიაში იყენებენ. ყოველ დღე გვემატება კომპანიები და ვიზრდებით, ამ მიმართულებას სჭირდება მხარდაჭერა. მეორე მიმართულება ღვინოა. მოვიკვლიეთ და ვერ ვნახეთ როგორ შეიძლება ღვინოზე უკუკავშირი მიიღოს მეღვინემ. ეს ჩვენთვის მოტივაცია გახდა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ქართველ მეღვინეებთან, ჩვენი კოდი 200-ზე მეტი სახეობის ღვინოზე არის. ახლა ვცდილობთ საზღვარგარეთაც გავიდეთ და არაქართველ მეღვინეებსაც შევთავაზოთ ჩვენი პროდუქცია. თუმცა ამაყები ვართ, რომ პროგრამა საქართველოდან დაიწყო და ჩვენთვის საამაყო იქნება, რომ ქართული QR არაქართულ ღვინოზეც იყოს“, - თქვა ჯაბუამ.