“არავითარი ჯოხი არ გადატეხილა კომპანიებზე, რომლებმაც აშკარად დაარღვიეს კონტრაქტის ყველანაირი პირობა”, - წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაწყვეტისა და კონტრაქტორების პასუხისმგებლობის საკითხზე “ანალიტიკას” ეთერში იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ კონტრაქტის დამრღვევი მხარეების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები არ მიიღო.
“რა თქმა უნდა, შემსყიდველმა, ამ შემთხვევაში მერიამ და მისმა პასუხისმგებელმა პირებმა, მათ შორის მერის მოადგილემაც უნდა აგოს პასუხი, თუმცა თუ კონტრაქტორებზე ჯოხის გადატეხვაზე ვსაუბრობთ, მინდა გითხრათ, რომ არავითარი ჯოხი ბიზნესზე არ გადატეხილა, მათ შორის არც იმ კომპანიებზე, რომლებმაც აშკარად დაარღვიეს ყველანაირი პირობა.
საქმე ის არის, რომ ჯარიმები ახსენეს მხოლოდ, სარჩელს შევიტანთ პროკურატურაშიო არ უხსენებიათ, შავი სია ჩვენ არ გვეხებაო.. გვეუბნებიან, რომ პროექტი იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, სინამდვილეში ეს ასე არ არის - ეს კონტრაქტები თებერვლის ბოლოს გაფორმდა, სამუშაოები დაიწყო მაისის ბოლოს. ხელშეკრულებების თავდაპირველი პირობების თანახმად, სამუშაოები ორ ლოტზე უნდა დამთავრებულიყო 120 დღის, ერთზე - 150 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ოქტომბრის ბოლოს ჩაბარებული უნდა გვქონოდა პროექტი სრულად - დღეს არის იანვრის ბოლო და ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი თავიდან დაიწყოს, ამ დროის განმავლობაში კი ორჯერ გაიზარდა პროექტის დასრულების ვადები და კიდევ არ ვიცით, სინამდვილეში როდის დასრულდება”, - ამბობს სანდრო ბარამიძე.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, რომ უხარისხოდ და ვადაგადაცილებით პროექტები კანონში არსებული ხარვეზების გამო სრულდება.
“კანონში უზარმაზარი პრობლემაა. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, შესყიდვებში მონაწილე პირები, კონტრაქტორები, კორუფციული ხვრელებით სარგებლობენ, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, როგორ იყენებენ ამას შემსრულებლები სათავისოდ. ყველამ ვიცით, რომ ტენდერებს აგებინებენ კომპანიებს, რომელთაგანაც შემდეგ თანამდებობის პირები ჯიბეებში ფულს იბრუნებენ.
თავად ბაზარიც ვერასდროს იქნება მზად მასშტაბური პროექტებისთვის, როდესაც თამაშის წესები, სასტარტო პოზიციები არ არის თანაბარი, როდესაც რეალური კონკურენცია არაა, როდესაც ტენდერების მინიჭება ჩაწყობით ხდება. ასეთ არაკონკურენტულ და კორუფციულ გარემოში ბაზარი არც გაჩნდება, რადგან თუ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, მაშინ არც მივიღებ მონაწილეობას. გამოდის, რომ ბურთი და მოედანი რჩებათ კორუფციულ სქემაში მონაწილე კომპანიებს”, - აცხადებს ბარამიძე.
მისივე თქმით, გამოსავალი კონტროლის მექანიზმის გამკაცრებასა და მაკონტროლებელი ხელისუფლების გააქტიურებაშია.
“გამოსავალი კონტროლის მექანიზმებია, პარლამენტი მაკონტროლებელი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საკრებულო - მერიის. მიმდინარე პროექტებსაც ხომ უნდა აკონტროლებდნენ მერიის სტრუქტურები? ის, რაც ბოლო ორ კვირაში გამოირკვა, მანამდეც ხომ ცხადი იყო, თვეებით ადრე?! მანამდე რატომ არ მიიღეს ზომები და გაწყვიტეს ხელშეკრულებები ან მიმართეს პროკურატურას? იმიტომ, რომ ისინი კორუფციულ გარიგებაში არიან ჩართული და კონტროლის მექანიზმები არ არსებობს”, - აცხადებს სანდრო ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიას (შპს „ერ ტე დე, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი") უხარისხოდ და ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების გამო ხელშეკრულებები შეუწყვიტა, გამზირის პროექტის დასასრულებლად კი 17,7 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.