დღეიდან, რეზიდენციული ზრუნვის სახლი „ლელიანი“ ოფიციალურად გაიხსნა. სახლი ემსახურება როგორც ჯანმრთელ ხანდაზმულებს, ისე მათ, ვისაც საექთნო და ხანგრძლივი მოვლა ან პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება. მაღალი სტანდარტის ოჯახური ტიპის სახლი მცხეთაში მდებარეობს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.
რა სჭირდებათ ხანდაზმულებს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის და რატომ გადაწყვიტეს სახლის შექმნა - ამ და სხვა საკითხებზე დღეს „ანალიტიკას“ ეთერში „ლელიანის“ დამფუძნებლებმა, ნიკა გამყრელიძემ და დავით კილაძემ ისაუბრეს.
„ლელიანის“ იდეა და კონცეფცია იყო, რომ შეგვევსო ის მოთხოვნა, რაც ბაზარზე არსებობდა. რისკიანი პროექტი იყო, რადგან გამოკითხვა რომ ჩავატარეთ, რესპონდენტების დიდი ნაწილი გვეუბნებოდა, რომ ეს საკითხი ჩვენთან სტიგმატიზებულია და აღიქმებოდა ე.წ. მოხუცების ჩაბარებად. იდეა ვიდრე გაგვიჩნდებოდა, ჩვენ მოვიხიბლეთ მზრუნველობით ხანდაზმულების მიმართ, როგორიც არის დასავლეთში. იქ ადამიანების ღირსეული მოვლა არის ერთგვარი მოცემულობა და ჯანდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიდის რეზიდენციულ და საექთნო მოვლაზე. ეს პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია და თუ დავინახეთ, რომ მოთხოვნა არსებობს, გვინდა, განვავითაროთ მიმართულება. გვინდა, ვიყოთ პირველი ოპერატორები რეზიდენციულ მოვლაში“, - თქვა ნიკა გამყრელიძემ და დასძინა, რომ „ლელიანის“ მოწყობაზე 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.
როგორც ნიკა გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპისთვის დამფუძნებლები არარეალურ ამონაგებებს ნამდვილად არ ელოდებიან.
დამფუძნებლები არ გამორიცხავენ, რომ კომპანია გაფართოვდება, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
„ჩვენ შევქმენით დაწესებულება, რომელიც არის იმ ქვეყნებში, რომლისკენაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 85% მიისწრაფვის. ჩვენს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ამ ქვეყნებიდან იზოლირება მოხდეს. ჩვენს ეკონომიკას იზოლირების ფუფუნება არ აქვს. ჩვენი ეკონომიკა არის ღია ეკონომიკა და უნდა დარჩეს ეგეთად, როგორიც არის დასავლურ ინვესტიციებზე და დასავლურ სტანდარტზე. დაწესებულება, რომელიც ჩვენ შევქმენით, არის დასავლური სტანდარტის და დასავლეთიდან ჩამოტანილი პროექტია“, - თქვა ნიკა გამყრელიძემ.
თავის მხრივ, დავით კილაძის თქმით, დღეისთვის ბაზარზე არის ძირითადად კერძო სახლები, თუმცა საოჯახო სასტუმროს ტიპის სახლი ბაზარზე არ არის.
„ეს არ არის თავშესაფარი, ეს არის ზრუნვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისი ცხოვრებით ეს დაიმსახურა. უბრალოდ დღეს ის თაობაა ხანდაზმული, რომელმაც საბჭოთა ეპოქა და 90-იანების კატაკლიზმები გამოიარა. რატომ უნდა იყოს თუნდაც ჯანდაცვის სისტემა ამის წინააღმდეგი? ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს პირიქით, ხელს შევუწყობდი ასეთ საქმიანობას. ზედმეტი რეგულაციებით არ უნდა დატვირთო. კი, თამაშის წესებზე შევთანხმდებით, მაგრამ განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალო“, - თქვა კილაძემ.
მისი თქმით, პროექტი სრულად დასავლეთიდან არის ჩამოტანილი.
„ჩვენ ვართ დიდი, ღია სამყაროს ნაწილი, რაც არ უნდა პატარა ერი ვიყოთ. ჩვენი გზაც უნდა მიდიოდეს იქით, სადაც ადამიანის ფაქტორი, მისი სიცოცხლე და კეთილდღეობა არის მთავარი ორიენტირი. ჩვენ ეს პროექტი მოვიტანეთ დასავლეთიდან და არა საბჭოეთის ჯურღმულებიდან. ადამიანი, რომელმაც განვლო თავისი ცხოვრება, ღირსეულად ემსახურა ქვეყანას და თავის ოჯახს, სრული უფლება აქვს, რომ სიბერეც ჰქონდეს ღირსეული და გვინდა, ამაში შევუწყოთ ხელი. გვინდა, ეს დავამკვიდროთ და ცხოვრების სტილი გახდეს. ის სტანდარტები უნდა გადმოვიღოთ, თუ გვინდა, რომ ვიყოთ დიდი ცივილიზაციის ნაწილი“, - თქვა მან.