მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროექტი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიაა მთელი ევროპისთვის" - რა ეტაპზეა შავი ზღვის კაბელის კვლევა?

ბუდაპეშტი

მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

სამინისტროს ცნობით, მან ბუდაპეშტში, მინისტერიალის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს, უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის და ბულგარეთის მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიაა მთელი ევროპისთვის.

„ვფიქრობ, შეგვიძლია სრული მანდატი მივცეთ ფლაგმანი პროექტის განხორციელებას რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გარანტიას მისცემს მთელ ევროპას და ეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ან კასპიის რეგიონის ქვეყნების ინტერესებშია, არამედ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია მთელი ევროპული კონტინენტის გრძელვადიანი მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისთვის“,- თქვა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2025 წლის მეორე კვარტალის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, რის შემდეგაც პროექტის განხორციელება დაიწყება.

„ჩვენი გუნდის წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანებია, მათ შორის ერთ-ერთია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დასრულება და გვყავს იტალიური საკონსულტაციო კომპანია, მათი ძალისხმევით სწრაფად მივდივართ წინ. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალის ბოლომდე სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ხელმისაწვდომი იქნება და გადავალთ პრაქტიკული განხორციელების ფაზაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ამასთან, მან ენერგეტიკის ხელშეწყობის საკითხზე ისაუბრა.

„ჩვენ ენერგეტიკის სექტორში ვახორციელებთ მნიშვნელოვან მხარდაჭერის სქემებს განახლებადი ენერგიის, ქარის, მზის და ჰიდროენერგიის მიმართულებით. გვქონდა ორი კონკურენტული აუქციონი კერძო დეველოპერებისთვის CFD მექანიზმის მინიჭებისთვის, შემდეგ ეს გავაფართოვეთ კერძო დეველოპერებთან პირდაპირი მოლაპარაკებებით მათთვის, ვისაც შეუძლია ინვესტირება რეალურ ენერგეტიკულ პროექტებში. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 10 000 მეგავატი პოტენციური განახლებადი ენერგიის პროექტი გვაქვს, რაც მნიშვნელოვანი სიმძლავრეა - მისი გამოყენება შეიძლება ადგილობრივი მოხმარებისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება მისი გამოყენება ჩვენს ფლაგმან პროექტში“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ჟეჩო სტანკოვი. საქართველოს მხრიდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები