მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში Airbnb-ის დატვირთვა იანვარში 36% იყო - ტურიზმის ადმინისტრაცია

თბილისი

საქართველოში Airbnb-ის დატვირთვა იანვარში 36% იყო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმის Airbnb-ის ახალი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, საქართველოში, პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა.

მისივე ინფორმაციით, ზრდა წინა წელთან შედარებით 2.8%-ით მეტია.

"საერთაშორისო პლატფორმის კვლევით, თბილისის დატვირთვის მაჩვენებელი 38%-ია, ზრდა წინა წელთან შედარებით 6.4%-ით მეტია. 2025 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულია 11,291 განთავსების ობიექტი, აქედან თითქმის ნახევარი 5 167 ობიექტი თბილისშია.

Airbnb-ის მონაცემებით, საქართველოში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი 2024 წელს გაიზარდა. გასულ წელს, დატვირთვის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელმა 46.1% შეადგინა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +1.2%-ია", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

მათივე ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, საქართველოში, Airbnb-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების 44.8% იყო დატვირთული, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +2.6%-ით მეტია.

2024 წლის დეკემბერში თბილისში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტმა 48.4% შეადგინა, ზრდა 2023 წლის დეკემბრის თვის პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Galt & Taggart-ის მონაცემებსაც იშველიებს, რომლის მიხედვითაც Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტებზე მოთხოვნა გაზრდილია.

"Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, თბილისში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებზე მოთხოვნა გაიზარდა +9.5%-ით 2023 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ბათუმში 20.8%-ით", - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ აპირებს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკური კრიზისის გამო ტურიზმში შექმნილი მძიმე ვითარებაში დარგის დახმარებას, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღრმა ანალიზს აწარმოებს.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოწვევა მოთხოვნა-მიწოდების ნაწილშია, რასაც მათ შორის საწოლი ადგილების გაზრდილი რაოდენობაც განაპირობებს. მინისტრმა თქვა, რომ დარგის წარმომადგენლებისთვის გამოწვევაა ასევე airbnb-ისა და სასტუმროებს შორის არსებული კონკურენცია.

"ამიტომ, შეიძლება სასტუმრო ობიექტებს გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდეთ, მაგრამ ამას თავისი ახსნა გააჩნია", - განაცხადა დავითაშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით BM.GE საქართველოში საქართველოში Airbnb-ის მმართველი კომპანია Wehost-ის დამფუძნებელ, ნიკა ანჯაფარიძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, როდესაც ქვეყანაში ტურისტები არ არიან, Airbnb-ისა და სასტუმროების კონკურენციაზე ყურადღების გამახვილება რელევანტური არ არის.

“Airbnb სასტუმრო სექტორთან კონკურენციაში თავიდანვე შედიოდა, თუმცა ახლა რაც ხდება, Airbnb-ს ვერ დაბრალდება. თავის გამართლებაა. ტურისტი არ არის და რა შუაშია Airbnb”, - ამბობს ანჯაფარიძე.

wehost-ის დამფუძნებელი მიმდინარე სეზონსაც აფასებს და ამბობს, რომ ამ სეზონზე თბილისში ჯავშნები ჩავარდა და ბინებს მინიმალურ ფასად აქირავებენ. იმ იმედით, რომ დაბალი ფასების პირობებში ბინაში ვინმე მაინც შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები