სუფთა და ჯანსაღ გარემოზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. ამის მიუხედავად, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში პლასტიკატის წარმოება და იმპორტი 71%-ით გაიზარდა, რაც გარემოს დაბინძურებაზე პირდაპირ აისახება. განსაკუთრებული ზრდა ერთჯერადი მოხმარების პლასტიკატის პროდუქციის წარმოებასა და იმპორტში დაფიქსირდა. ამ პროდუქციის, დაახლოებით, 93% ნარჩენად იქცევა, რომლებიც შემდგომ სანაპირო ზოლებსა და უკანონო ნაგავსაყრელებზე ხვდება.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, პროექტს - “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში” - ახორციელებს.
პროექტი ერთწლიანი ინიციატივაა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი მიზანი კი საქართველოში პლასტმასის ნარჩენების შემცირებაა. სწორედ ამიტომ, CENN კერძო თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის ტრენინგ-კურსებსა და კამპანიებს დაგეგმავს, რითაც ცირკულარული მიდგომების დანერგვას და ამ მიმართულებით ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ერთი წლის განმავლობაში, პროექტი აქტიურ რეჟიმში იმუშავებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შესაძლებლობების გაძლიერებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. სამიზნე სექტორი კი შემდეგ სფეროებს მოიცავს:
- მწარმოებლები
- იმპორტიორები
- საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები
- HORECA სექტორის წარმომადგენლები
- სხვა მომხმარებლები
- გადამმუშავებელი კომპანიები
- ადგილობრივი მთავრობა
- სკოლები
ამასთანავე, CENN ხელს შეუწყობს სექტორებს შორის პარტნიორობას, რათა გააძლიეროს ქვეყანაში სისტემური მიდგომა და ცირკულარული ღირებულებათა ჯაჭვი.
როგორც CENN-ში განმარტავენ, პროექტი “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში” 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება.
“ესენია: სექტორზე მორგებული ტრენინგების ჩატარება ცირკულარულ ეკონომიკაზე, კამპანიების განხორციელება ბიზნესებისა და სკოლებისათვის, სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება, მათ შორის მწვანე ბანაკები, და მასშტაბური მედიაკამპანიის განხორციელება პლასტმასის ნარჩენის შემცირების შესახებ”, - განმარტავენ ორგანიზატორები.
პროექტის ფარგლებში ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის კამპანია დაანონსდა, რომელიც იმ 10 დაწესებულების შერჩევას მოიაზრებს, რომლებსაც ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შემცირება სურთ.
“მონაწილე კომპანიებსა და ორგანიზაციებს ვთავაზობთ ტრენინგებს და კონსულტაციას იმისათვის რომ სწორად დაგეგმონ და განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მათ ორგანიზაციას ან ბიზნესს უფრო მდგრადს გახდის. ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესებსა და ორგანიზაციებს მათ საქმიანობაზე მორგებულ პრაქტიკულ ტრენინგებს, საერთაშორისო ექსპერტიზას და "მენტორშიფს". კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ინიციატივებს ჟიური შეაფასებს, კამპანიაში ჩართულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს გადაეცემათ სერტიფიკატები და თავიანთი მდგრადობის ინიციატივების ინტენსიური მედიაგაშუქება.
ამასთანავე, პროექტი იმუშავებს სკოლებთან და სკოლის მოსწავლეებთან. დაანონსდება სკოლების კამპანია, რომელიც ასევე მოიაზრებს ტრენინგს და "მენტორინგს". კამპანიის ფარგლებში სკოლები ჩვენთან კონსულტაციით შეიმუშავებენ ინდივიდუალურ გეგმებს პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად. კამპანიის დროს შემუშავებული პლასტმასის პრევენციის პროგრამების განხორციელებაში შერჩეულ სკოლებს ჩვენ დავეხმარებით.
ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ ისეთ პრაქტიკებზე, რომლებიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს პლასტმასის ნარჩენის შემცირებას, ამიტომაც მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან მუშაობა და მათი წახალისება დანერგონ მწვანე შესყიდვები და წაახალისონ ცირკულარული მიდგომები. ამავდროულად მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან თემის გააქტიურებაც, მათ დიდი გავლენა აქვთ კერძო სექტორზე და განაპირობებენ მიწოდებას. თუ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს მდგრად ბიზნესს, ბიზნესიც ხშირ შემთხვევაში ეცდება შეინარჩუნოს ბაზარზე კონკურენტუნარიანობა და დაეწიოს თანამედროვე მოთხოვნებს. ”, - განმარტავენ CENN-ში.
ორგანიზატორები განმარტავენ, რომ კერძო სექტორი მწვანე ინიციატივების ათვისებისთვის მზადაა. განსაკუთრებულ მზადყოფნას კი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები გამოხატავენ - ამ სფეროს როგორც მცირე, ისე დიდი მოთამაშეები, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლობები, მზად არიან, დანერგონ მდგრადი მიდგომები.
CENN-ი “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში” პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ახორციელებს. როგორც UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, დაგლას უები განმარტავს, ქვეყანაში პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად საზოგადოებრივი კამპანიების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია.
“პლასტმასის ნარჩენების მავნე ზეგავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხშირად სათანადოდ არაა შეფასებული. მაგალითისთვის, სიგარეტის ნამწვავები, რომლებიც უამრავ ტოქსინს შეიცავს და ნიადაგს, სასმელ წყალსა და ზღვის ეკოსისტემას აბინძურებს, ასევე ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის კატეგორიას მიეკუთვნება.
გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა გვერდში დაუდგეს საქართველოს პლასტმასით დაბინძურებასთან ბრძოლაში. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სხვადასხვა სახის პარტნიორობის შექმნას პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებისგან თავისუფალი საზოგადოების ასაშენებლად. ამავდროულად, ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ჩართულობის წახალისებაში, რაც წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამ მხრივ, საზოგადოებრივი კამპანიების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია. ინფორმირებული მოქალაქეები შეძლებენ შეცვალონ სოციალური ნორმები და ანგარიშვალდებულება მოითხოვონ როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის მხრიდან.
შესაბამისად, (UNDP) იწყებს ახალ ინიციატივას, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს გადასვლას ცირკულარულ ეკონომიკაზე და ხელი შეუწყოს პლასტმასით დაბინძურების შემცირებას. ჩვენი პროექტი ხელს შეუწყობს სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებას, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის კოორდინირების განმტკიცებას და საზოგადოების მეტ ჩართულობას პლასტმასით დაბინძურების შემცირების საქმეში”, - აცხადებს დაგლას უები.
მისი თქმით, ამ პროექტის მეშვეობით, UNDP საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას შეუწყობს ხელს.
დუგლას უები ასევე განმარტავს, რომ პროექტი საქართველოს 5 ქალაქში გავრცელდება და 350, 000-მდე ადამიანს მოიცავს, რაც ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციას და თანმიმდევრულ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
“ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ეტაპობრივი პროცესია, რომელსაც სხვადასხვა გამოწვევა ახლავს თან. თუმცა მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და სათანადოდ გამოიყენებს არსებულ შესაძლებლობებს მდგრადი საზოგადოების ასაშენებლად. ჩვენი ახალი პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩართულობისა და მხარდაჭერის გაზრდას ამ შესაძლებლობების კაპიტალიზაციისთვის.
პროექტის საქმიანობა საქართველოს ხუთ დიდ ქალაქს - თბილისს, ბათუმს, რუსთავს, ქუთაისსა და გორს მოიცავს. დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ნარჩენების მართვის ექსპერტებთან, კერძო კომპანიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის დანერგვისთვის. ცნობიერების ამაღლების კამპანიები 350,000 ადამიანზე გავრცელდება. ჩვენ აგრეთვე ვითანამშრომლებთ საჯარო სკოლებთან, სადაც გარემოსდაცვით განათლებასა და ახალგაზრდულ აქტივიზმს შევუწყობთ ხელს.
კერძო და საჯარო სექტორების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი პროექტის ფარგლებში, მხარს დავუჭერთ გარემოსადმი მეგობრული ბიზნესის განვითარებას, კერძო კომპანიებს შორის პარტნიორობას, B2B, და ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის დანერგვას.
ამ მიზნით, CENN-ის პლატფორმაზე, უკვე გამოვაქვეყნეთ გამოწვევა „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“. დაინტერესებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შემცირებისა და ალტერნატიული მდგრადი გადაწყვეტების მოძიებისთვის”, - ამბობს დაგლას უები.
გარდა საერთაშორისო დონორებისა, პროექტის განხორციელებაში CENN-ი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთანაც თანამშრომლობს. პროექტი უწყებას პლასტმასის ნარჩენების მართვის ცირკულარული მოდელების შესახებ დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება. აღნიშნული კი საქართველოს მთავრობას ხელს შეუწყობს განახორციელოს რეფორმები ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგვის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას “დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება” და პლასტმასით დაბინძურების აღმოფხვრის ამბიციურ საერთაშორისო კოალიციას შეუერთდა. აღნიშნული ძალისხმევა მიზნად 2024 წლის ბოლოსთვის პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ გლობალური შეთანხმების შემუშავებას ისახავს.
“საქართველო ახორციელებს პლასტმასის ნარჩენების შემცირების გარკვეულ ღონისძიებებს, თუმცა ის ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევად. აღნიშნული პრობლემის დასაძლევად კომპლექსური ღონისძიებების გატარება, პლასტმასის ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, თანამედროვე რეციკლირების ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა საჭირო.
ამ მიმართულებით სამინისტრო კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებს. კერძოდ, შემუშავებულია პლასტიკის პრევენციის პროგრამის პროექტი. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ახორციელებს რამდენიმე პროექტს პლასტიკის დაბინძურების შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მათ შორის არის პროექტი “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება”, რომელიც დაეხმარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პლასტმასის ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაში პლასტმასის ნარჩენების ნაკადების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით, ასევე, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებით და პლასტმასის ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით.
ასევე, ხორციელდება პროექტი „ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ფინანსურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით და მიზნად ისახავს სამინისტროს ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერით საქართველოში ერთჯერადი პლასტმასის გამოყენებიდან გარემოსდაცვითი და ფინანსურად მდგრად ალტერნატივებზე გადასვლას.
სამინისტროს ხელშეწყობა პლასტიკის ნარჩენების მართვაში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის სექტორის შეფასების, ალტერნატივების/რეკომენდაციების შემუშავების და შესაბამისი საგზაო რუკის შემუშავების გზით.
ზემოაღნიშნული ღონისძიებები ქვეყანას დაეხმარება პლასტმასის ნარჩენების პრევენციისა და მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაში”, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
პროექტის „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ დაწყებით, ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს როგორც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვისა და პოპულარიზაციის, ისე – ევროინტეგრაციის გზაზე.