მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი პლასტმასის ბოთლების აკრძალვას განიხილავს - კანონპროექტი

ფრანგ

ფრანგი პოლიტიკოსები პლასტმასის პატარა ბოთლების აკრძალვას ითხოვენ. კანონპროექტი ამის შესახებ ემანუელ მაკრონის პარტიამ უკვე წარადგინა. დოკუმენტი იმ ბოთლების აკრძალვას ითვალისწინებს, რომელთა მოცულობაც 0.5 ლიტრამდეა.

მედიასთან კომენტარში პარტიის წარმომადგენელმა, პიერ კაზნოევმა პლასტმასის ბოთლებს “აბსურდი” უწოდა და განმარტა, რომ 0.17, 0.25 და 0.33 ლიტრიანი ბოთლები 20-25 გრამ პლასტმასას შეიცავს. მისივე თქმით, კანონპროექტის არსებულ ვერსიაში უფრო მაღალი ტევადობის მქონე ბოთლების აკრძალვა გათვალისწინებული არ არის.

იმისთვის, რომ ინიციატივა კანონად იქცეს, რამდენიმე საკანონმდებლო რგოლი უნდა გაიაროს, მათ შორის საპარლამენტო დებატებიც, სადაც დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. Euronews-ის ცნობით, კანონის მიღება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან საფრანგეთის ამჟამინდელი პარლამენტი მნიშვნელოვნადაა დაყოფილი. მედიისვე ინფორმაციით, ინიციატივის მიღების შემთხვევაში, საფრანგეთის მოსახლეობა კანონპროექტს, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს - Zero Waste France-სთვის ჩატარებული კვლევის თანახმად, პლასტმასის ბოთლების აკრძალვას მხარს გამოკითხულთა ⅔ დაუჭერს.

Euronews-ის ცნობით, საფრანგეთში ყოველწლიურად 13 მილიარდ პლასტმასის ბოთლს აწარმოებენ, რომლის ძირითადი ნაწილიც გადამუშავებას არ ექვემდებარება და გარემოსა და ოკეანეებში ხვდება. მიუხედავად სტატისტიკისა, საფრანგეთს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასასთან საბრძოლველად კანონმდებლობა უკვე შემუშავებული აქვს. “ნარჩენების საწინააღმდეგო კანონით” ქვეყანაში ეტაპობრივად იკრძალება ერთჯერადი გამოყენების დანა-ჩანგალი, საწრუპები, საჭმლის გადასატანი ყუთები და ზოგიერთი ტიპის შესაფუთი მასალები. თუმცა აღნიშნული კანონი პლასტმასის ბოთლებს არ ითვალისწინებს. ამ პრობლემას სახელმწიფო და კერძო სექტორი სხვადასხვა გზით ებრძვის, რომელთა შორისაც ქალაქებში დამონტაჟებული წყლის ფანტანებია, სადაც მრავალჯერადი ბოთლის უფასოდ შევსებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები