მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტის „მწვანე გურია" ფარგლებში, მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

CENN

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა, დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა საბჭოს პირველ შეხვედრას უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას განვითარების რეგიონული ორგანიზაცია CENN ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მიზანს, პროექტის მიმდინარეობის შეჯამება და ინფორმაციისა თუ რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა წარმოადგენდა.

ღონისძიებას, ევროკავშირის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, გურიის ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, UNDP-ის, FAO Georgia – სა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ENPARD IV- ის ფარგლებში მიმდინარე სოფლის განვითარების ინიციატივები, სურსათის უვნებლობისა და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს.

„ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული ნებისმიერი ინიციატივა არ წარმოადგენს ცალკე მდგომ პროექტს. ათ წელიწადზე მეტია, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან მნიშვნელოვან პოლიტიკის დიალოგს აწარმოებს სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. აღნიშნული პოლიტიკის საწყისიც და ბოლო წერტილიც არის ის , რომ საქართველოში, სოფელი მეტად მიმზიდველი გახდეს ადამიანებისთვის, რომლებსაც სოფლად ღირსეულად ცხოვრება და ეკონომიკის განვითარება სურთ.“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში ასევე პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ახლად ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიდან გაეცნოთ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები