კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორის მოადგილის რევაზ გეთიაშვილის აზრით, 26 ოქტომბერი არის “არჩევანი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ყოფნასა და არყოფნას შორის”.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. რევაზ გეთიაშვილის თქმით, ცვლილებები პირველ რიგში იმ ადამიანებს სჭირდებათ, ვინც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.
„უკვე ისტორიული თარიღია, მაგრამ თუ წავაგეთ, ყველა ისტორიული დამარცხების თავში იქნება, ამიტომ, პირველ რიგში, წაგებაზე და მის კატასტროფულ შედეგებზე ვიფიქროთ. ცუდზე ფიქრი ახლა აუცილებელია და სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ რეალური შანსია, გადავრჩეთ. ახლა ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ცვლილებას არანაირი ალტერნატივა არ აქვს.
ეს არჩევანი არ არის პარტიების, მათი ლიდერების და ჩვენი პოლიტიკური სიმპათიების შესახებ.
ეს არის არჩევანი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ყოფნასა და არყოფნას შორის. ცუდ დროს და ცუდ ადგილას ბევრჯერ აღმოვჩენილვართ, მაგრამ ამაზე ცუდ დროს და ცუდ ადგილას - არა.
კარგი კი ისაა, რომ საქართველო ჩვენგან თავგანწირვას კი არა, ერთ ხმას, ერთ გაფერადებას ითხოვს. შანსი თუ გავუშვით, მერე უკვე ყველაფერს მოითხოვს.
ეს ცვლილება არავის არ დააზიანებს, პირიქით, ჰუმანისტური აქტიცაა და პირველ რიგში, იმ ადამიანებს სჭირდებათ, ვინც რუსეთისკენ მიგვაქანებს, რადგან თუ არ შევაჩერეთ, ისტორია მათგან ახალ მონსტრებს შექმნის“, - წერს რევაზ გეთიაშვილი.
შეგახსენებთ: CENN ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც მთავრობას „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებდა, თუმცა კანონის ამოქმედების შემდეგ რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო. CENN-მა მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისათვის საჭირო გადაწყვეტილება, შეასრულოს კანონით დაკისრებული რეგისტრაციის მოთხოვნა და გააგრძელოს ადვოკატირება და ბრძოლა უფრო დემოკრატიული და თავისუფალი მომავლის შექმნისათვის საქართველოში.
ჩვენ გვჯერა ქართული საზოგადოების და გვწამს, რომ გაერთიანებული ძალებით, ქვეყანა მალე დაბრუნდება პროევროპულ ორბიტაზე და გააგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია - ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქვეყნის დემოკრატიზაციას", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.