ტყით სარგებლობის წესის მიხედვით, 2026 წლიდან სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ საქმიან ეზოებში მოუწევთ. წარმოდგენილი ცვლილებებით საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები შეძლებენ, მას შესაბამისი წესით დაახარისხებენ და დასაწყობების ადგილებზე ე.წ საქმიან ეზოებში განათავსებენ.
ე,წ სოციალური ჭრის აკრძალვა სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს ხე-ტყის უკანონო ჭრა გააკონტროლოს, თუმცა მეორეს მხრივ არასამთავრობო სექტორი სვამს კითხვას, რამდენად შეძლებს სახელმწიფო მოსახლეობას იმ რაოდენობის სათბობი შეშა მიაწოდოს, რისი საჭიროებაც მას უდგას. CENN-ის დირექტორის მოადგილის თქმით, ქვეყანაში სათბობი შეშის სერიოზული დეფიციტია.
„შეშა არის სასიცოცხლო, აუცილებელი საჭიროება და სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა შესთავაზოს მოსახლეობას, ლეგალური შეშის ხელმისაწვდომობა. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ეს რესურსი უნდა შეეძლოს კანონიერად და ხელმისაწვდომ ფასად შეშის შესყიდვა. დღევანდელი მდგომარეობით და ოფიციალური სტატისტიკით, ისე გამოდის, რომ სახელმწიფო ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომელიც არსებობს ქვეყანაში.
2026 წლიდან სოციალური ჭრის აკრძალვა შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს, რომ უკეთესად გააკონტროლოს უკანონო ჭრები, რადგან ტყეში აღარ შევა ფიზიკური პირი, ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ მოჭრის და მოუწევს ყველას, რომ საქმიანი ეზოების საშუალებით მიიღოს შეშა და დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მაგრამ დგება იგივე პრობლემა, რამდენად შეძლებს ლეგალურად იმ რაოდენობის შეშის დამზადებას სახელმწიფო, რა რაოდენობაც სჭირდება ერთ კონკრეტულ სოფელს, რომელსაც აქვს ტყე. არის თუ არა იქ საკმარისი ხეების რაოდენობა, რომლისგანაც შეიძლება შეშა დამზადდეს.
ჯერჯერობით პასუხი არის არა, არ არის საკმარისი, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ ლეგალური შეშის მიწოდების სტატისტიკა, რომელიც არის ძალიან დაბალი, მეორე მხრივ სტატისტიკა, რომელიც არის 4-5-ჯერ მაღალი, ვიდრე არის მიწოდება. აქ ვსაუბრობთ შეშის სათბობი რესურსის დეფიციტზე. სამწუხაროდ ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელია მხოლოდ სანქციების გამკაცრებით. აქ საჭიროა მულტი მრავალუწყებრივი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ენერგეტიკული სექტორის ჩართვა ამ პროცესში“,-აცხადებს რეზო გეთიაშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.