ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმები მკაცრდება. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს, რომლის საფუძველზეც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 171 ფაქტია იდენტიფიცირებული.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის დირექტორის მოადგილე თვლის, რომ სანქციების გამკაცრება პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური, თუმცა არა ერთადერთი ზომაა. რევაზ გეთიაშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ლეგალურ შეშაზე ხელმისაწვდომობა, მეორეს მხრივ კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილება გაფართოვდეს, რათა მან კანონდამრღვევი ბიზნესების ადგილზე დაჯარიმება შეძლოს.
„ახლახან სამინისტრომ წარადგინა ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები და ძალიან საგანგაშო და სამწუხარო მდგომარეობაა ტყეებში. ჩვენი ტყეების დაახლოებით 35% დეგრადირებულია და ამის მიზეზია სწორედ უკანონო ჭრები, სოციალური, ენერგეტიკული, კომერციული, ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც ხორციელდება და არ არის კანონიერი.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სანქციების გამკაცრება არის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური, თუმცა არა ერთადერთი ზომა. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ბოლო პერიოდში ნამდვილად ტენდენცია იგრძნობა სანქციების გამკაცრების, ასევე პარალელურად ხდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერება და მათი სათანადო აღჭურვა ახალი ტექნოლოგიებით. საზოგადოებაც უნდა შეეჩვიოს, რომ ის ერთგვარი თავისუფლება [ცუდი გაგებით], რაც არსებობდა საქართველოში, ერთგვარი კრიმინალური დამოკიდებულება ბუნებასთან, რომელიც გაძლევს თითქოს საშუალებას, რომ ყველაფერი გააკეთო, ყველაფერი მოჭრა, დენის აპარატით შეხვიდე მდინარეში და ააფეთქო, ეს უნდა დასრულდეს და ჩვენი ცნობიერება მოერგოს ახალ წესებს, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ერთადერთი საჭიროება, რომელიც დგას მათ შორის გარემოსდაცვითი დანაშაულის ზედამხედველობის კუთხით და სხვა მიმართულებითაც იქნება ზომები გასატარებელი, რომ კომპლექსურად მივიღოთ შედეგები“,-აცხადებს რეზო გეთიაშვილი.
მისი თქმით, მოსახლეობის და ფიზიკური პირების გარდა, არსებობს პრობლემები მსხვილ ბიზნესთან, რომელიც აწარმოებენ უკანონო ტყით სარგებლობას ნებართვის გარეშე. „ვისურვებდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოფილიყო კიდევ უფრო მკაცრი ასეთ შემთხვევებში და სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს მსხვილი და უკანონო ბიზნესის მიმართ“,-აცხადებს CENN-ის დირექტორის მოადგილე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კანონის აღსრულებაც, რადგან საკმაოდ მოუქნელი სისტემა რჩება გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულის აღსრულების კუთხით.
„დეპარტამენტს არ აქვს საშუალება პირდაპირ ადგილზე გამოწეროს სანქცია და გაუჩინოს სამართალდამრღვევს ვალდებულება წავიდეს და გადაიხადოს. საქმე მიდის სასამართლოში, რომელიც ძალიან ხშირად ათავისუფლებს სამართალდამრღვევს სანქციისგან“,-განუცხადა რეზო გეთიაშვილმა „საქმის კურსს“.