არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანის აზრით, ბახმაროში ერთი მასშტაბური პროექტის მშენებლობა, სამომავლოდ ბევრი უმასშტაბო ობიექტის გაჩენის წინაპირობა გახდება.
არქიტექტორი ფიქრობს, რომ კურორტი მცირე მოცულობის ინფრასტრუქტურით უნდა განვითარდეს.
„ყველასთვის ცნობილია რამდენად უნიკალურია ბახმარო ლანდშაფტით, ეკოლოგიით, ჰაერით. ის პრეცედენტი, რომელიც პროექტით უკვე დაშვებულია, გამოიწვევს ბევრ ასეთ ახალ პროექტს. ამას ექნება შესაბამისი განვითარება ისეთი, როგორც სხვადასხვა რეგიონებში გვინახავს. აუცილებლად განვითარდება ამ მხრივ და აშენდება ბევრი დიდი, უმასშტაბო ობიექტი. ამ ადგილისთვის უმასშტაბო, შესაბამისად საფრთხის ქვეშ დგება ის ბენეფიტი, რაც ამ გარემოს გააჩნია რადგან ყველა ადგილს აქვს თავისი რესურსი.
პირველ რიგში პრეცედენტულობაა პრობლემა. ამ პროექტის წინააღმდეგი შესაძლოა არ ვყოფილიყავი სხვა არეალში, მაგრამ ბახმაროს მე უფრო ფაქიზად და ფრთხილად მოვეპყრობოდი, იმიტომ რომ არ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე, როგორც შვეიცარიაში, სადაც კენჭს უყრიან და მოსახლეობა წყვეტს დაუშვან თუ არა ესა თუ ის მშენებლობა. ჩვენ შორს ვართ ასეთი ქვეყნის მოწყობისგან, ამიტომ გადავიზღვევდი თავს ამ პროექტის შექმნისგან.
მიზიდულობის ცენტრის გაჩენა შეიძლებოდა გარკვეული ურბანული მოედნის გაჩენით, რომელიც იქნება მთელი განაშენიანებისთვის. ასევე მცირე მოცულობების კრებული ყოფილიყო ამ მოედნის შემდგენელი და არა ერთი დამოუკიდებელი კომპლექსი. მიუხედავად იმისა რომ შენობა დანაწევრებულია, ტერასულად ჩამოდის ის მაინც ერთი დამოუკიდებელი ორგანიზმია,“ - განაცხადა გუჯეჯიანმა.