სომხეთის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავა. როგორც Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკომისიის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტი შემდეგ კვირაში არის დაგეგმილი. ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად დელეგაციაში ასევე იქნება ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.
Politico ასევე წერს, ვიზიტი ემთხვევა იმ ეტაპს, როდესაც ფაშინიანის მთავრობა ცდილობს განამტკიცოს სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შემობრუნება რუსეთიდან დასავლეთისკენ და ევროკავშირთან ურთიერთობები გააღრმაოს.
გასულ კვირაში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისია რუსული ემბარგოს საპასუხოდ და სომხეთის მხარდასაჭერად საგანგებო ზომებს შეიმუშავებს, რათა სომხურ პროდუქციაზე ევროკავშირში ტარიფები შემცირდეს.
სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, ასევე ჩირის შეტანა აკრძალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფერმერებს იმ გაფუჭებული მოსავლის ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, რომლის რუსეთში გაგზავნასაც ისინი მოსკოვის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო ვერ შეძლებენ.
ამას წინ უძღოდა სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში იქნება თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩება.
რუსეთის ხელისუფლება უკვე წლებია ახორციელებს ამათუ იმ პროდუქტის შეტანაზე აკრძალვების პრაქტიკას იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც მათი ურთიერთობები უარესდება. კრემლი სომხეთს რუსული გაზის გაძვირებითაც ემუქრება.




























