მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული განათლების ცნობადობა მზარდია, მაგრამ განწყობები ნელა იცვლება - თამარ ქიტიაშვილი

644aa881ef9e3
თელარა გელანტია
27.04.23 22:00
642
პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს დირექტორის თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, პროფესიული განათლების ცნობადობა მზარდია, მაგრამ განწყობები ნელა იცვლება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში, პროფესიის არჩევისას, პროფესიული განათლების არჩევის მაჩვენებელი დაბალია.

აღნიშნულს ადასტურებს უნარების სააგენტოს მიერ მომზადებული ეროვნული ანგარიში - „პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში“.

კერძოდ, როგორც დოკუმენტიდან ჩანს, 2021-2022 სასწავლო წლებში პროფესიულ განათლებაში პირდაპირი გადმოსვლის მაჩვენებლები საშუალო საფეხურიდან 6% იყო, ხოლო საბაზო ანუ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ - მხოლოდ 2%.

„ევროპის ძველ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი, მინიმუმ 60%-ია; ახალ ქვეყნებში კი - არანაკლებ 30%-ისა“, - აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

„მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით ინფორმირებულობის დონე მზარდია, განწყობები იცვლება უფრო ნელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, ვინც ზემოქმედებენ და გავლენა აქვთ ახალგაზრდების გადაწყვეტილებაზე - ოჯახი, სკოლა, სოციუმი - მათ ჯერ კიდევ არ აქვთ რწმენა, რომ პროფესიული განათლება შეიძლება იყოს პირველი არჩევანი სტუდენტებისთვის და მაინც, ჯერ უმაღლესი განათლება განიხილება როგორც ნომერ პირველი არჩევანი.

ამდენად, ის გზა, სანამ სტუდენტი პროფესიულ კოლეჯში მოვა, არის ძალიან გრძელი, რაშიც იკარგება დრო, რესურსი როგორც თავად სტუდენტის, ისე - სახელმწიფოსი, რადგან ჩვენი სტუდენტების უმრავლესობას წარმოადგენენ ზრდასრული ადამიანები ან 24 წლის ზევით ახალგაზრდები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ რაღაც გზა გაიარეს თავის კარიერაში და შემდეგ მოვიდნენ პროფესიულ განათლებაში. სწორედ ეს რგოლი გვაქვს გასაძლიერებელი“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა და დასძინა, რომ გამოსავალი პროფესიული განათლების მიწოდების მასშტაბის გაფართოებაშია.

„ჩვენი მიწოდება ძალიან მცირეა, რადგან პროფესიული განათლების რეფორმამ იმდენად დიდი კონცენტრაცია გააკეთა ხარისხზე, რომ მასშტაბის ზრდა მაღალი ტემპით ვერ მოხერხდა“, - თქვა მან.

ამასთან, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორს მიაჩნია, რომ პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, რაც სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები