მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროფესიული უნარების სააგენტოს გაუქმება ცუდად აისახება დამსაქმებლების მოტივაციაზე|ირინა წეროძის ანალიზი

ირინა წეროძე

„პროფესიული უნარების სააგენტოს გაუქმება არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის დახურვა... ეს ძალიან ცუდად აისახება დამსაქმებლების მოტივაციაზე“, - ასე შეაფასა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ორგანიზაცია „SkillsUp Network“-ის თანადამფუძნებელმა ირინა წეროძემ პროფესიული უნარების სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილება.

საქმე ის არის, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან პროფესიული უნარების სააგენტო გაუქმდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მიზეზად ეფექტიანობის გაზრდა დასახელდა.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნულ ნაბიჯს „უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა და ხაზი გაუსვა იმ ინსტიტუციურ ვაკუუმს, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება წარმოშვას.

ირინა წეროძის შეფასებით, სააგენტოს გაუქმება პირდაპირ აისახება კერძო სექტორის მოტივაციაზე, რომელიც პროფესიული განათლების რეფორმის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. მისი თქმით, პროფესიული უნარების სააგენტო სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ მართვის მოდელი დეცენტრალიზებულიყო და ბიზნესს რეალური გადაწყვეტილების მიღების ბერკეტები ჰქონოდა.

„სააგენტოს გაუქმება არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის დახურვა, ეს არის გარკვეული სიცარიელის შექმნა, რომელიც ძალიან ცუდად აისახება დამსაქმებლების მოტივაციაზე. მართვის ეს მოდელი პოზიციონირდებოდა, როგორც ერთობლივი პლატფორმა კერძო სექტორთან ერთად, სადაც ბიზნესი იქნებოდა სრულად პასუხისმგებელი და აღჭურვილი ყველა იმ მექანიზმით, რომელიც პოლიტიკის წარმოებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი“, - აცხადებს ირინა წეროძე.

ორგანიზაცია „SkillsUp Network“-ის თანადამფუძნებელი ირინა წეროძე, რომელსაც საჯარო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, განმარტავს, რომ ცენტრალიზებული მართვის პირობებში, პროფესიული განათლების სისტემა ეფექტიანი ვერ იქნება.

„ისეთი სისტემა, როგორიც არის პროფესიული განათლების სისტემა, ვერ იარსებებს ცენტრალიზებული მართვის მოდელის პირობებში. ძალიან მნიშვნელოვანია მაკოორდინირებელი რგოლის არსებობა, რომელიც იქნება მედიატორი პოლიტიკის დამგეგმავსა და განმახორციელებელს შორის“, - აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა პროფესიული უნარების სააგენტომ სრულფასოვანი შედეგების ჩვენება, რამაც სამინისტროს „ეფექტიანობის გაზრდის“ საბაბი მისცა, ირინა წეროძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის - ხშირად ცვალებად პოლიტიკურ მხარდაჭერას და დროს.

„უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს საქმიანობა სრულად ვერ ჩამოყალიბდა გარკვეული მიზეზების გამო: ხშირად იცვლებოდა მანდატი, ინსტიტუციური გარემო და პოლიტიკური მხარდაჭერაც ცვალებადი იყო. სააგენტოს საქმიანობა ამ სამი წლის მანძილზე უფრო პროექტული და საპილოტე იყო, ვიდრე სისტემური ცვლილება, იმიტომ რომ ამას სჭირდება დრო, რომელიც სააგენტოს, სამწუხაროდ, არ ეყო“, - აცხადებს ის.

ირინა წეროძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს დეპარტამენტი, არსებული რესურსებით და ამოცანის მასშტაბის გათვალისწინებით იმავე ხარისხის პარტნიორობას კერძო სექტორთან, რასაც დამოუკიდებელი სააგენტო სთავაზობდა, ვერ უზრუნველყოფს. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო კერძო სექტორის ჩართულობაზე საუბრობს, მან ბიზნესს კონკრეტული მექანიზმები და პლატფორმა უნდა შესთავაზოს.

„როდესაც ვადეკლარირებთ კერძო სექტორის ჩართულობას, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მექანიზმებზე - რა მექანიზმებით სთავაზობ შენ ბიზნესს პარტნიორობას? სააგენტოს შექმნის მთავარი მამოტივირებელი სწორედ ის იყო, რომ იქმნებოდა პლატფორმა ახალი ინიციატივების დასაგეგმად. ახლა, როცა ყველაფერი სამინისტროში დაბრუნდა, ჩვენ დავუბრუნდით ძველ სტრუქტურას“, - აღნიშნა მან.

პროფესიული განათლების თემაზე ინტერვიუს დასასრულს, რესპონდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მთავრობის მხრიდან პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი თითქოს შენელდა, რადგან აქცენტები უფრო მეტად უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმებზე კეთდება.

„მოლოდინი იყო, რომ განათლების რეფორმა სამივე საფეხურს შეეხებოდა ერთიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა - როგორ ხედავს მთავრობა პროფესიული განათლების განვითარებას იმ ჭრილში, რა ჭრილიც უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგვანახეს, თუმცა ამაზე არაფერია ნათქვამი. სამინისტროს არ გაუჟღერებია დეტალები, რა მექანიზმით აპირებენ მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა ირინა წეროძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები