დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას ორი მიზანი აქვს - ელექტორატზე ზემოქმედება და სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება - ასე აფასებს BMG-სთან ეკონომისტი, რამაზ გერლიანი სოცდაუცველების დასაქმების პროგრამას.
მისი თქმით, ბევრი კითხვა არსებობს პროგრამის ეფექტიანობასთან დაკავშირებით იმ ფონზე, რომ მის ფარგლებში ბენეფიციარები ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაბალკვალიფიციურ კადრებად საქმდებიან.
„ეს პროგრამა მთავრობას მომგებიან პოზიციაში აყენებს, რადგან 40 ათასამდე ადამიანი დასაქმებულად ითვლება და ამ გზით უმუშევრების მაჩვენებელიც შემცირდა, იმ ფონზე, რომ ეს ადამიანები 300 ლარს იღებენ ყოველთვიურად, რაც საკმარისი, რა თქმა უნდა, არაა. ზოგადად, რამდენად რეალური დასაქმებაა, ამაზეც ბევრი კითხვაა, იმ ფონზე, რომ ზოგ სტრუქტურაში ერთი და იგივე ფუნქციით რამდენიმე ადამიანია დასაქმებული. იმის მაგივრად რომ ადამიანები რეალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, მათ მოგონილ სამუშაოებზე უწევთ დასაქმება. ერთი მხრივ, ეს პროგრამა მექანიზმია, რომ მთავრობამ ელექტორატი „დაიჭიროს“, მეორე მხრივ კი ზეგავლენა მოახდინოს სტატიკურ მონაცემებზე“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.
ცნობისთვის, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის პირველი მარტიდან ხორციელდება და მასში ჩართული მოქალაქეების ხელფასი 300 ლარია. ის პირები, რომლებიც პროგრამაში ერთვებიან, ოთხი წლის განმავლობაში არ კარგავენ სოციალურად დაუცველის სტატუსს.
დასაქმებულები სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასრულებენ დამხმარე სამუშაოებს, მაგალითად, დასუფთავების, მზარეულის ასისტენტის, დარაჯის, საკვების მიმტანის და სხვა სერვისების მიმართულებით. საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 103.3 მლნ ლარი დაიხარჯება.




























