მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროგრამით მეტი კომპანია ისარგებლებს" - რატომ შეიცვალა ღვინის მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამა?

საქსტატი

ღვინის მეწარმეებისთვის საექსპორტო ბაზრებზე ხარჯების სუბსიდირების პროგრამაში შესული ცვლილებების მიხედვით, თითოეულ ბენეფიციარზე კონკრეტულ საექსპორტო ბაზრებზე წლის მანძილზე სახელმწიფოს მიერ გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური მოცულობა განახევრდა და დღეისთვის 300 000 ლარს შეადგენს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 13 ივნისს გამოქვეყნდა. პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შეეხო მარკეტინგული ხარჯების გასაწევ რეგიონებს, რომლებიც აზიის, ევროპის და სხვა რეგიონების სახით ჩამოყალიბდა. აღსანიშნია ისიც, რომ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ არ მოიცავს საქართველოში, სუამისა და დსთ-ის რეგიონებში მარკეტინგული ხარჯების ანაზღაურებას.

რამ განაპირობა საერთაშორისო ბაზარზე მეღვინეებისთვის მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებების შეტანა - ამ და სხვა კითხვებით BM.GE-მ პროგრამის განმახორციელებელ უწყებას - ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილებების შეტანის ინიციატივა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისგან მომდინარეობდა, რომელთაც ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის სურვილი აქვთ.

„კერძოდ, მათ გამოთქვეს სურვილი სტრატეგიული საექსპორტო ქვეყნების გათვალისწინებით, სახელმწიფო პროგრამა მოიცავდეს არა ყველა ქვეყანას ერთობლივად, არამედ განხორციელდეს დაყოფა ევროპის, აზიის, ამერიკის და ყველა სხვა დანარჩენი რეგიონის შესაბამისად.

აღნიშნული ცვლილება კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ შესაბამისი არაუმეტეს 2 რეგიონი ან კვლავ გააკეთონ განაცხადი ყველა რეგიონში შემავალ ქვეყნებზე ერთობლივად“, - განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი წინა წლების მსგავსად 2 მლნ ლარია. კითხვაზე - რატომ შემცირდა მარკეტინგული ხარჯების ანაზღაურების მოცულობა 300 000 ლარამდე, სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ცვლილების მიზანი ის იყოს, რომ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ მეღვინეს ჰქონოდა, რომელსაც ღვინო პროგრამით გათვალისწინებულ ბაზრებზე გააქვს.

„რეგიონებად დაყოფის პროპორციულად ცვლილება შეეხო ანაზღაურების ოდენობასაც. ვინაიდან, განხორციელებული ცვლილებებით, უფრო მეტ კომპანიას ეძლევა პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა, ხოლო ჯამურად მიმდინარე წლის პროგრამისთვის 2 მილიონი ლარია გამოყოფილი, სააგენტოს მიერ თითოეულ ბენეფიციარზე კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა არა უმეტეს 300 000 ლარით“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს პასუხში.

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს საექსპორტო ბაზრებზე ღვინის მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამით სულ ჯამში ხუთმა კომპანიამ ისარგებლა. ეს კომპანიებია „დავით მიხელიძის საოჯახო მარანი“, „ბი ჯი ვაინს“, „ჯიველი“, „მეღვინეობა ჩელთი“, „ასკანელი ძმები“. სახელმწიფო თანადაფინანსების ჯამურმა მოცულობამ კი მხოლოდ 243,281 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი 2 მლნ ლარი სრულად არ იყო ათვისებული.

2024 წლის პროგრამისთვის განაცხადების მიღება 24 ივნისიდან არის შესაძლებელი, ხოლო განაცხადების მითების ბოლო ვადად 30 აგვისტო განისაზღვრა.

„როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის პროგრამაში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს საექსპორტო რეგიონების წინასწარ შერჩევას, ან შესაძლებელია რომ კომპანიებმა კვლავ გააკეთონ განაცხადი ყველა რეგიონში ერთობლივად. 25 ივნისი 2024 N 03/524 აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, არის მოტივაცია იმისა, რომ ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის თავად აწარმოონ მარკეტინგული აქტივობები სტრატეგიულ ბაზრებზე, რაც საშუალებას იძლევა ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება გაიზარდოს და მეტი ღვინის ექსპორტი განახორციელონ, რაც დადებითად აისახება პროგრამის მთავარი მიზნის მისაღწევად და საბოლოო ჯამში მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები