მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროგრესი" და "ანაგი" სოფელ დიღომში 1 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის აშენებას გეგმავენ

სკოლა

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ფართოვდება და კომპანია "ანაგი განათლებასთან" ერთად თბილისში კიდევ ერთი სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული კამპუსი თავისი კონცეფციით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უკვე არსებული ფილიალებისგან განსხვავებული იქნება. საგანმანათლებლო ბიზნესის განვითარების შესახებ მისმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნინა ჩიკვაშვილმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის მმართველმა კომპანია “ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესმა” აგვისტოს ბოლო სახელმწიფოს მიერ ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი მიწის ნაკვეთი, რომელიც სოფელ დიღომში მდებარეობს 6.5 მლნ ლარად, გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა. პირობები ახალ მფლობელს 48 თვის ვადაში 800 მოსწავლეზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სპორტული მოედნის/მოედნების, არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი შექმნას, ექსპლუატაციაში მიიღოს და ფუნქციონირებისთვის მზადყოფნაში მოყვანას ავალდებულებს, რისთვისაც არანაკლებ 8 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

ნინა ჩიკვაშვილი ადასტურებს, რომ პროექტის საინვესტიციო ვალდებულებები სრულად იქნება შესრულებული, თუმცა „პროგრესისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტი უფრო დიდი იქნება, ვიდრე საინვესტიციო ვალდებულებებშია გაწერილი.

„ჩვენი ამბიციაა, რომ სკოლასთან ერთად ამ პროექტით შევქმნათ საბავშვო ბაღი და სკოლამდელი სწავლების პროგრამა, რითაც 300-400 მოსწავლე დაემატება, შესაბამისად მთლიანად სკოლა 1200 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და ₾8 მლნ მინიმუმი იქნება, რაც ამ პროექტისთვის დაიხარჯება. რაც შეეხება ვადას, ჩვენ გვაქვს სურვილი, მიზანი და ამბიციაც, რომ პროექტი 2 წელიწადში - 2026-2027 სასწავლო წლისთვის დავასრულოთ“, - აცხადებს ნინა ჩიკვაშვილი.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გეგმავს „პროგრესი“ თავისი სკოლის მოდელის განვითარებას და რეგიონის მასშტაბით საუნივერსიტეტო კოლეჯად ჩამოყალიბებას.

„პროგრესი“ ერთ-ერთ უნიკალურ პროექტს შექმნის, რომელიც შემდეგში განვითარდება, როგორც საუნივერსიტეტო კოლეჯი და ის კავკასიის რეგიონში პირველი და უნიკალური იქნება. ეს იქნება საუნივერსიტეტო კოლეჯი მრავალი პროფილური და პროფესიული ფაკულტეტებით, დუალური პროგრამებით და კომპანიებთან კოლაბორაციებით, საცხოვრებელი კამპუსით, აქ იქნება საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამები და ერთგვარი ჰაბი კავკასიის რეგიონში“, - ამბობს „პროგრესის“ დამფუძნებელი და თავის ძალებში დარწმუნებული აცხადებს: „რატომაც არა ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს“.

კითხვაზე - საიდან აპირებს ახალი პროექტისთვის ადამიანური კაპიტალის მოზიდვას, ნინა ჩიკვაშვილს ასეთი პასუხი აქვს: „პროგრესის“ სკოლებისთვის ადამიანური კაპიტალი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვაქვს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მოიცავს დამწყები პროფესიონალების მოზიდვა, რომლებსაც სურვილი აქვთ ამა თუ იმ სფეროში თავისი ძალები მოსინჯონ, 6-თვიანი, ერთწლიანი ან 18-თვიანი სტაჟირების პროგრამების საშუალებით ისინი სტაჟირებას გადიან ჩვენთან და შედეგად მათთან ერთად ვქმნით „პროგრესს“. დღეისთვის „პროგრესი“ 500-მდე ადამიანს ასაქმებს. სოფელ დიღომში სკოლის პროექტის განხორციელების შემდეგ კი დასაქმებულთა რაოდენობა 800-მდე გაიზრდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები