მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძისთვის 3 მლნ ლარამდე ქონების ჩამორთმევას ითხოვს

ჯუანშერ ბურჭულაძე

პროკურორ ანი ლეკიაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მლნ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის ისე ვასილ მხეიძის და გიორგი ხაინდრავას მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოშია ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში გამტყუნებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებას, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრულია, რომ როდესაც უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება არსებობს საქმეში, რომელიც გამოყენებული იქნა, მათ შორის ფულის გათეთრების და უკანონოდ დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზების მიზნით, უნდა ჩამოერთვას ეს ქონება ბრალდებულს. შესაბამისად, ბრალდების მხარე მოითხოვს ბურჭულაძისთვის მხოლოდ იმ ქონების ჩამორთმევას, რაც ეხება კონკრეტულად ამ გარემოებებს, ეს არის ნუშის ბაღების სახლი და მათ შორის, ესპანეთში შეძენილი ქონება“,- განაცხადა პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, მან 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები