იურიდიული კომპანია „ოქეი ენდ სი ჯის“ დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭაშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოები თვალთმაქცური „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ გაფორმებული ხელშეკრულებებით უნდა დაინტერესდნენ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. ადვოკატის თქმით, 2018 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც ე.წ. მევახშეებს სესხის სანაცვლოდ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა აეკრძალათ, ამ საქმიანობით დაკავებულმა ადამიანებმა საკანონმდებლო ხვრელი „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებებში იპოვეს.
რას ნიშნავს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით?
ნასყიდობა არის ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონების გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ქონების გამოსყიდვა ხდება მხარეთა შორის არსებული თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია, მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე. გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს.
რა განსხვავებაა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებასა და ბანკში იპოთეკური სესხის აღებას შორის?
„ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულება იპოთეკური სესხისგან იმით განსხვავდება, რომ მსესხებელი იპოთეკურ სესხს ვერ მოემსახურება, მისი უზრუნველყოფისთვის ჩადებული ქონება აუქციონზე იყიდება და ამ გზით იფარება ბანკის ან სხვა საფინანსო ინსტიტუტის ვალი. თუ ქონება იმაზე ძვირად გაიყიდა, ვიდრე ბანკის ვალია, ნარჩენი თანხა მოქალაქეს უბრუნდება. „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ გაფორმებული გარიგების დროს კი, თუ გამყიდველი შეთანხმებულ დროში ვერ დააბრუნებს თანხას, ბინა პირდაპირ კერძო გამსესხებლის საკუთრებაში გადადის; თუმცა უძრავი ქონების პირვანდელ მფლობელს უფლება აქვს, სასამართლოში იჩივლოს.
ოთარ კაჭკაჭაშვილი ვარაუდობს, რომ 2018 წლის შემდეგ შემდეგ „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ გაფორმებული ხელშეკრულებები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ამის მიზეზი ის არის, რომ კერძო პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულებები „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ გარიგებებმა ჩაანაცვლა.
BMG გეგმავს, ამ სტატისტიკის გამოთხოვას და შედეგებს მონაცემების მიღებისთანავე გაგიზიარებთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იურისტ დავით კლდიაშვილის მიერ 2021 წელს გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, თუ 2016 წლის 1-ელი მარტიდან 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე, საქართველოში „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ 1465 ხელშეკრულება იყო დარეგისტრირებული, 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე ეს რიცხვი 11 132-მდე იყო გაზრდილი.
იურისტი ოთარ კაჭკაჭიშვილი საკანონმდებლო ხვრელის ამოვსების გზას არა - რეგულაციის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებაში, არამედ არსებული კანონმდებლობის აღსრულებაში ხედავს.
- კარგია, რომ ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება აიკრძალა, მაგრამ ახლა სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და გააკონტროლოს, მისი გვერდის ავლით თუ იდება აკრძალული გარიგებები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და შესაბამისი პირები მისცეს პასუხისგებაში ან სასამართლომ ბათილად ცნოს ასეთი ტიპის გარიგებები, რათა მხარეები, განსაკუთრებით, კერძო გამსესხებლები მიხვდნენ, რომ ამ ტიპის გარიგებებს ანუ ნასყიდობა გამოსყიდვის თვალთმაქცური ხელშეკრულებების დადებას არ აქვს შორი გზა. „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების“ ფორმით დადებული ყველა ხელშეკრულება ხელის გულზე დევს - საჯარო რეესტრში ინახება და საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას შეუძლია ხელშეკრულებების პირობების დეტალებით დაინტერესდეს.
- რას გულისხმობთ? - „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“, როგორც გარიგების ფორმა ვერ აიკრძალება და მაშინ როგორ უნდა დახარისხდეს ეს ხელშეკრულებები, რათა დადგინდეს, რომელი იყო თვალთმაქცური?
- ძალიან მარტივია ამის დადგენა. თუ ყველა ხელშეკრულებას გააანალიზებენ და შეისწავლიან, ნახავენ, რომ ერთსა და იმავე ადამიანს ან მაგალითად, 100 ადამიანს აქვს რამდენიმე ასეული ხელშეკრულება გაფორმებული „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“. გასაგებია, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან სავალდებულო გახდა ნებისმიერი პირის ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია, ვინც 20-ზე მეტ ადამიანზე გასცემს სესხს, მაგრამ ე.წ. მევახშეები ვერ ხვდებიან სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებში, რადგან ფულის გასესხებისას, არა სასესხო ხელშეკრულებას აფორმებენ, არამედ - ნასყიდობას. შეიძლება, ერთ ადამიანს თვეში 100 ნასყიდობა ჰქონდეს და ასივეს უკან აბრუნებდეს?! ცხადია, რომ ამ გზით ფარავენ აკრძალულ გარიგებას. ამდენად საჭირო იყო, რომ როგორც კი კანონი გამკაცრდა, მის ეფექტიან აღსრულებაზე ვინმეს ეზრუნა.
- არ შეიძლება, ეს რგოლი სასამართლო იყოს? - ფაქტია, სუსტი მხარე სასამართლოში მიდის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად...
- ჩვენმა იურიდიულმა კომპანიამ მსგავს საქმეებზე უამრავჯერ მიმართა სასამართლოს, მაგრამ მას არ აქვს ერთგვაროვანი პრაქტიკა - სასამართლო თვლის, რომ რადგან მხარეებს შორის გაფორმებულია „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულება, მას ხშირად ტოვებს ძალაში. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ გაჭირვებული მოქალაქეები, რომელთაც იმ მომენტში ფული ძალიან სჭირდებოდათ, არ იჩენენ წინდახედულობას, არ სარგებლობენ ადვოკატის მომსახურებით, ხელშეკრულებას კარგად არ კითხულობენ, არ ინახავენ მტკიცებულებებს და ა.შ. ამიტომაც ძალიან უჭირთ სასამართლოში თავისი სიმართლე დაამტკიცონ, მაგრამ თუ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან საეჭვო ხელშეკრულებებით, მოწმეებს დაკითხავენ და სხვა დეტალების გამოიკვლევენ, სიმართლეც გაირკვევა. ჩვენი იურიდიული კომპანიის პრაქტიკაში გვქონია მაგალითები, როდესაც მსგავსი თვალთმაქცური „ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებით“ დაზარალებულებს უთქვამთ, რომ მათ სჭირდებოდათ ფული, ინტერნეტში ნახეს რეკლამა, დარეკეს შესაბამის ნომერზე და ფულის სანაცვლოდ „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულების გაფორმების პირობა მიიღეს; ისინიც დათანხმდნენ, რადგან თანხა სჭირდებოდათ, მაგრამ იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ქონების გაყიდვაზე კი არა ფულის სესხებაზე ფიქრობდნენ.
- შეიძლება, მოქალაქეებს მაინც გაუჩნდეთ კითხვა - თუ ასეთს რისკებს შეიცავს „ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულება“ ხომ არ უნდა აიკრძალოს საერთოდ?
- რა თქმა უნდა, არა. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გამოსყიდვის უფლებას აძლევს პირს, საერთაშორისო ნორმაა და სამოქალაქო კოდექსიდან ამ ტიპის გარიგების უფლებას ვერ ამოვიღებთ. გამოდის, რომ მაშინ ცივილიზებულ სამყაროს უნდა მოვწყდეთ.