საქართველოს პროკურატურამ, 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარუდგინა ბრალდება.
გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვლადიმერ გველესიანი, ნიკა გვენცაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გოჩა ყატაშვილი, გურიელ ქარდავა, ზურაბ ჭავჭანიძე, კონსტანტინე კოკაია, სულხან აბრალავა, ბექა ქელეხსაშვილი და გიორგი კირვალიძე, სხვა პირებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში უკანონოდ შეიჭრნენ და ეცადნენ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდებულები ეზოში მყოფ სამართალდამცავებს მიმართავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებს და აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ამავე ეპიზოდთან დაკავშირებით კობა ეპიტაშვილს პოლიციელის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ხოლო საბა კორძაიას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებისთვის წარედგინათ ბრალდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის (სსკ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება ამბობს, რომ გარდა ამისა, გამოძიებით იდენტიფიცირებულია ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნანა სანდერი. პროკურატურის ინფორმაციით, იგი სოციალური ქსელების მეშვეობით ორგანიზებას უწევდა ძალადობრივ ქმედებებს, უზრუნველყოფდა მონაწილეთა ეკიპირებას და მოუწოდებდა მათ სამართალდამცავების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისკენ.
ნანა სანდერსს ბრალდება წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის (სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა ყველა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ხოლო 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიმართაც გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.




























