საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მილიონი დოლარი გაათეთრეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს. უწყების აცხადებენ, რომ საქმეზე ერთ ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა.
საქმეში ასევე ფიგურირებს აშშ-ში რეგისტრირებული ე.წ. საბროკერო კომპანია, რომელთან დაკავშირებულმა პირებმაც ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ ფირმას მოტყუებით გამოსძალეს 13 მილიონი დოლარი და ამ თანხის საფონდო ბირჟაზე ინვესტირების და ცნობილი კომპანიის აქციების შეძენის ნაცვლად, ის მიითვისეს.
"მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, მსჯავრდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი გაათეთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირებს უვადოდ ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და თითოეულს 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლო განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ საბანკო ანგარიშებზე დაყადღებული 2 000 000 ლარამდე ოდენობის ფულადი თანხა, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი.